21-23 იანვარს საქართველოში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ შეშფოთება გამოხატა „უკანონო დაკავებების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის არარსებობისა“ და პოლიციისა და უცნობი ნიღბიანი პირების მიერ  „გადამეტებული ძალის გამოყენების“ გამო. მან ასევე გამოხატა შეშფოთება სხვადასხვა კანონებში ბოლო დროს მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებთან, ასევე უცხოელი აგენტებისა და ანტილგბტ კანონებთან დაკავშირებით.

ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს კომისარმა ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა შეხვედრები.

ო’ფლაჰერტი აღნიშნავს, რომ მაშინ როცა მომიტინგეების სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია, არასათანადო მოპყრობის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიუხედავად, არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიუციათ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლიციელთა „სათანადო იდენტიფიცირების მნიშვნელობას, რაც გაამარტივებს სამართლებრივი დევნისა და არასათანადო მოპყრობაში დამნაშავე პირთა დასჯის პროცესს, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად“.

კომისარმა შეშფოთება გამოთქვა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შემოღებული ახალი შეზღუდვების გამო, მათ შორის კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლითაც აიკრძალა საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვა და გაფართოვდა ადმინისტრაციული პატიმრობის მოტივები. „მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება არ დაირღვეს ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით“, – აღნიშნა მან.

კომისარი ასევე გაუსვა ხაზი ცვლილებებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან დაუცველს ტოვებს. „ვწუხვარ, რომ ეს ადამიანის უფლებებისადმი მგრძნობიარე კანონები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, ყოველგვარი მნიშვნელოვანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე“, – განაცხადა მან.

ხელისუფლებასთან შეხვედრისას კომისარმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საკითხიც დააყენა და განაცხადა, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია.

ო’ფლაჰერტი უცხოელი აგენტების შესახებ კანონსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მართალია ხელისუფლებას რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ჯერ არავინ დაუჯარიმებია, ავტომატური, დაუდასტურებელი და უტყუარი პრეზუმფციის არსებობა გაერთიანების თავისუფლების არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს“.

ევროპის საბჭოს კომისარმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური უმცირესობების უფლებების, განსაკუთრებით მათი გამოხატვის თავისუფლების შელახვას. „მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღსრულება ჯერ არ დაწყებულა, მისი გავლენა უკვე იგრძნობა ადგილზე“, – განაცხადა მან და ლგბტი ადამიანებისთვის ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, სიძულვილით განპირობებული დანაშაულის მსხვერპლად გახდომის შიშსა და ლგბტ პირთა მიმართ სტიგმის გამწვავებას გაუსვა ხაზი.

ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისარი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს ბექა ძამაშვილს და ნიკო თათულაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, გენერალურ პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი ბადაშვილს და სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *