სამი ოპოზიციური კოალიცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფორნზე, როდესაც "არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით", მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული უკანონო დაკავებების, ძალადობის და რეპრესიების დროს, მისი საქართველოში ვიზიტის გადადება "იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ". ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ, 4 იანვარს თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს აპირებს.

"ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას.

შედეგად, დღეს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებით დაკომპლექტებული "პარლამენტი" და მისი მიერ არჩეული "პრეზიდენტი" ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები.

დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას. თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამაც. მისი თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობა მისი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციის რისკს აჩენს, რის გამოც კაუმას თბილისში ვიზიტის დრო "ღრმად შემაშფოთებელია".

"მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობას, პია კაუმას თბილისში ვიზიტის დრო ღრმად შემაშფოთებელია. საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობა მისი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციის რისკს აჩენს. სასტიკად ნაცემი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება არის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობის უცვლელი წინაპირობა. მეტიც, ნებისმიერი დიალოგის ერთადერთი მისაღები ფოკუსი უნდა იყოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაუყოვნებლივი ორგანიზება", - წერს გიორგი გახარია.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *