ბრიუსელში მიმდინარე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ “საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანაა, რაც ქმნის მოლოდინებს”.
“რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ძალა და იმპულსი იმისთვის, რომ ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და გავხდეთ ამ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები”- ამბობს მინისტრი დარჩიაშვილი. მისივე თქმით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის მექანიზმის საშუალებით, საქართველომ ძალიან ბევრი და ხელშესახები შედეგები მიიღო, რაც საინტერესო განვითარებების საწყისი გახდა”.
რაც შეეხება უნგრეთის მთავრობის პოზიციის შეფასებას, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება და ასევე, ცდილობს შეაჩეროს უკრაინისთვის, სპეციალური ფონდიდან, 50 მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ “არ სურს ნეგატიურ სცენარსა და განვითარებაზე საუბარი. უნგრეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”.
“ეს არის დიდი ოჯახი და დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი, რომელიც ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, მათ შორის, უნგრეთთან ერთადაც, იქნება შედეგიანი”, აცხადებს მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
საქართველო, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებისგან, 15 დეკემბერს ელოდება.
0 კომენტარი