ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობა განცხადებით პასუხობს. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების "აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს", თუმცა მათი თქმით, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ამიტომ "ორივე სახელმწიფოსთან დარჩებიან "ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში".
საქართველოს მთავრობა ასევე წერს, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით "ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ".
"სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი. ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!"-წერია საქართველოს მთავრობის განცხადებაში,
ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესეს.
0 კომენტარი