საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, მაკრონმა საუბრისას ყველა თვითნებურად დაპატიმრებული პირის გათავისუფლება მოითხოვა და ივანიშვილს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას პატივი სცეს.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს". - წერია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ მეორე განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *