საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი სახელმწიფოს პირველი პირები ინფორმირებულნი არიან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დასძინა, რომ მას ელჩებთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც "მკაფიო მესიჯი" გადასცა მათი დედაქალაქებისთვის. ამასთან, მან 30-ზე მეტი ინტერვიუ მისცა ხვადასხვა ევროპელ და ამერიკელ მედიის წარმომადგენლებს. 

"მქონდა სადილი ელჩებთან და ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს წყდება არა მხოლოდ ამ ქვეყნის ბედი, არამედ ამ ვრცელი რეგიონის და ევროკავშირის პოლიტიკის ნდობის მომავალიც. იმიტომ, რომ არ შეიძლება რაღაცები ისაუბრო და დიდი განცხადებები აკეთო დღითიდღე და მერე არ იყოს ის გადაწყვეტილებები მიღებული, რაც ახდენს ნამდვილად გავლენას ქვეყნის მომავალზე და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე. ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპელ და ამერიკელ მედიის წარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახული არის დღევანდელი მდგომარეობა. ამის მერე, ერთადერთი დასკვნა ის შემიძლია გამოვიტანო, ამის მერე, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მეთაური ვერ იტყვის, რომ არ ვიცოდი. ყველამ ყველაფერი იცის - ეს იყო ჩემი მოვალეობა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე "გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით სამოქალაქო თავდადებისათვის" მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა. 

"უღრმესი მადლობა, მაგრამ თქვენ მადლობისთვის არაფერს არ აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ გესმით ბოლომდე, რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება. ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ყოფას ამ მდგომარეობაში იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ ყველას კი არ შეუძლია იქ დგომა,  იმათ არ ეცოდინებოდათ, რა ხდება, თუნდაც პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილი არის მთელ ქალაქში ან სხვადასხვა ქალაქებში, არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა და თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროტესტის სხვა მშვიდობიან მონაწილეებთან ერთად, სამართალდამცავთა სასტიკი ძალადობის სამიზნეები გახდნენ. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *