მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ.

6 დეკემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ.

"ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნები ემხრობიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას:

"რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი, - მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ვემხრობი სანქციების დაწესებას ევროპულ დონეზე. მაგრამ თუ ევროკავშირი გამოაცხადებს სანქციებს და შემდეგ ამას ვერ განახორციელებს, ეს სანდოობის დაკარგვას გამოიწვევს, და ჩვენ ეს ნამდვილად არ გვსურს", - განაცხადა მან.

"მზად ვარ, რომ ეს საკითხი წამოვწიო ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე", - თქვა გიტანას ნაუსედამ.

პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, საქართველოში ამჟამინდელი ვითარება "სრულიად განსხვავდება" 2008 წლის რეალობისაგან:

"[2008 წელს] რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში და მოახდინა მისი ოკუპაცია. საზოგადოება ერთიანად აღუდგა წინ ოკუპანტსა და აგრესორს. ამჯერად ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის პირის რიტორიკას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და [ეს განცხადებები] კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, საქართველოს საზოგადოებასთან წინააღმდეგობაში მოდის", - განაცხადა მან.

2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ - საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის. მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

პასუხად, 3 დეკემბერს ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ამ გადაწყვეტილების გამო.

წყარო: RFE/RL

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *