თბილისში, პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია საკუთარი პარტიის ოფისთან დააკავეს. დაკავებულია "გირჩი – მეტი თავისუფლების" წევრი, გელა ხასაიაც.

პარალელურად, ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ოფისში. გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა "ახალის" ლიდერის ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.

ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "დროას", "გირჩი – მეტი თავისუფლების" და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ჯგუფ "დაიტოვეს" ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ. 

პოლიციელები ოფისში არ უშვებენ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას და სხვა ლიდერებს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *