ირაკლი კობახიძემ, მთავრობის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ქვეყანაში "წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის" არსებობას აჩვენებს.
"კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა", - თქვა კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ მზადაა დისკუსიისა და დებატებისთვის ყველასთან, ვისაც "გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება".
მის ამ განცხადებას საგარეო საქმეთ ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურნენ და დებატებზე გამოწვევა მიიღეს.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მზადაა ირაკლი კობახიძესთან საქართველოს მაუწყებელზე საჯარო დისკუსია გამართოს.
"მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი", - დაწერა ყოფილმა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრიც, რომელიც უწყებას 2015-16 წლებში ხელმძღვანელობდა:
"მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია ქვეყნისთვის მეტი სარგებელის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად. მე, ადამიანი რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მიესიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის, კაცთან რომელის თავისთავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან მოახერხა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება და ბოლოს ზუსტად იანუკოვიჩის დარად ამცნო ქვეყანას რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის „2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს", - დაწერა თინა ხიდაშელმა.
ყოფილი მინისტრების განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის დებატებისთვის მზადაა.
"ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების კონკრეტულად გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მზად ვართ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში", - თქვა მან.
ჯერჯერობით უცნობია, როდის და რეალურად შედგება თუ დებატები, რომელზე მზაობაც მხარეებმა საჯაროდ გამოთქვეს.
0 კომენტარი