აშში-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი წევრი, ჯინ შაჰინი და ამავე კომიტეტში მისი რესპუბლიკელი კოლეგა, ჯიმ რიში, ხელისუფლების მიერ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, სადაც მშვიდობიან პროტესტს დაუპირისპირდა სასტიკი ძალა და ძალადობა, საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, უგულებელჰყოს ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებები, ევროკავშირის წევრობაზე შესვლის შეჩერებით. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს. აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ, საქართველოს მთავრობამ და ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე და სხვა ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ. მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, საკუთარი პოზიცია ცხადად და ცალსახად გამოხატოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის მიმდინარე გამოყენებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს, ვალდებულება აიღონ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მხრივ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ს მთავრობის ხელში არსებული ყველა ხელსაწყო იყოს გამოყენებული, მათ შორის, სანქციებით, რომ შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს, შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები უმოქმედოდ არ იჯდება მაშინ, როცა ვითარება უარესდება", - ვკითხულობთ სენატორების, შაჰინისა და რიშის ერთობლივ განცხადებაში.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *