გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს, სადაც საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოსა და ფართოდ გავრცელებულ დაშინებასა და ამომრჩეველთა იძულებაზე.

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას.

აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის" – ნათქვამია განცხადებაში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *