საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადაკმვირებლო მისიამ (IEOM), საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს წინასაარჩევნო პროცესისა და უშუალოდ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
IRI მისიას ორგანიზაციის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი, კონგრესის ყოფილი წევრი ჯონ შიმკუსი და შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელტი ხელმძღვანელობდნენ.
"არჩევნები გულისხმობს ადამიანების არჩევანს განსაზღვრონ საკუთარი კურსი და აირჩიონ მაღალჩინოსნები, რომლებიც მათ უხელმძღვანელებენ. სისტემის დახშობა და ბოროტად გამოყენება, როგორც საქართველოს მმართველმა პარტიამ გააკეთა საარჩევნო შედეგის უზრუნველსაყოფად, ხალხს ჭეშმარიტი არჩევანის უფლებასა და ხელისუფლებაზე ანგარიშვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას ართმევს", - განაცხადა ტვაინინგმა. მისივე განცხადებით, "ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკური ელიტა სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლს განიხილავდა, როგორც ძალაუფლების მონოპოლიზების საშუალებას".
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2024 წლის არჩევნების ისტორია ჯერ კიდევ ვითარდება, ამ ქვეყნის ხალხი იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე პოლიტიკოსები მათ სთავაზობენ", - დასძინა IRI-ს პრეზიდენტმა.
"არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა დაშინებასა და შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ისე მის გარეთ, რაც შიშის ატმოსფეროს ქმნიდა", - განაცხადა შიმკუსმა. მან დასძინა ისიც, რომ "მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების ნდობა პოლიტიკური პროცესის მიმართ".
"მთავრობის მხრიდან ამომრჩეველთა და სამოქალაქო საზოგადოების მუდმივმა შევიწროებამ და დაშინებამ არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც, საფრთხე შეუქმნა საქართველოს დემოკრატიულ საფუძველს", - აღნიშნა ორგანიზაციის საარჩევნო მისიის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა, მარგარეტა სედერფელტმა. "ამ არჩევნების შემდეგ, ვშიშობ, პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის უნდობლობა ხანგრძლივი გავლენის მქონე იქნება".
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, IRI გააგრძელებს არჩევნების შემდგომ მონიტორინგს და უახლოეს კვირებში გამოსცემს საბოლოო, ყოვლისმომცველ ანგარიშს.
ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები:
- ამომრჩეველთა დაშინება და შევიწროება სისტემატური იყო როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ისე მის გარეთ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც.
- გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ კანონის ამოქმედებამ შეარყია გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება.
აშკარა იყო ყოვლისმომცველი დაშინება და ზეწოლა საჯარო სექტორის თანამშრომლებზე და სოციალური დახმარების მიმღებებზე.
გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის შესახებ. - დღევანდელმა საკანონმდებლო და მარეგულირებელმა ლანდშაფტმა შექმნა არათანაბარი საარჩევნო გარემო, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ბარიერს ჭეშმარიტად კონკურენტული არჩევნებისთვის.
- არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების გამოძიება და განხილვა არასაკმარისი და არაეფექტურია და არ გააჩნია არსებითი დაცვის საშუალებები.
- დაბალია მოქალაქეთა ნდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ
ორგანიზაციის რეკომენდაციები:
- საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
- ცესკომ უნდა განახორციელოს რეფორმები ყველა დონეზე კომისიების პოლიტიკური შემადგენლობის დასაბალანსებლად.
- ცესკომ უნდა გააუქმოს ბინადრობის თვითნებური კრიტერიუმები, რათა ამომრჩევლებს მისცეს საშუალება აირჩიონ სად მისცემენ ხმას.
- ცესკომ უნდა გამოიყენოს ერთიანი კენჭისყრისა და შეჯამების პროცედურები, რათა შეაფასოს ხმების მართებულობა ნებისმიერ არჩევნებზე. უზრუნველყოს თანასწორობა და გაამარტივოს ამომრჩეველთა ინფორმირებულობა.
- დროებითი საუბნო საარჩევნო კომისიები უნდა დაექვემდებარონ ვეტინგს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი არ იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხანმოკლე კონტრაქტების მიმღებნი არჩევნებამდე ექვსი თვის პერიოდში.
- პარლამენტმა უნდა მოახდინოს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის რეფორმირება, რათა დაუშვას კოალიციების შესაძლებლობა.
- ცესკომ უნდა აკრძალოს საარჩევნო უბნების შიგნით ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული შიშისა და დაშინების შესაძლებლობა.
- სასამართლოებმა და საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გადახედონ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების გამოძიების და განხილვის პროცესს.
- ცესკომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მშვიდი, მოწესრიგებული და უსაფრთხო პროცესის უზრუნველსაყოფად.
0 კომენტარი