საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საიამ", სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, წინასაარჩევნო გარემო შეაფასა, რომელიც აპრილიდან დღემდე პერიოდს მოიცავს და წინასაარჩევნო გარემოს ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.
"საია"-ს შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი პოლარიზაცია დაფიქსირდა და გარემო არ გახლდათ თანასწორი. ამასთან, ორგანიზაციის განხცადებით, მათ გამოავლინეს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და უარყოფითი ტენდენციები, რამაც "წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა".
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა", - განაცხადეს ორგანიზაციაში და დასძინეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული სტილის კანონის ინიციირების და მიღების პროცესი (2024 წლის აპრილი-მაისი) ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროებას. დაფიქსირდა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევები; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, გამოვლინდა აქციის მონაწილეების, მისი მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინების, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა. გამოვლინდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში, დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაში. საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობა, შესაძლოა, აღწევდეს დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ხარისხს. ზოგ შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებული მესამე პირები რუსული სტილის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ: აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს, სახლებთან ან ქუჩაში ხვდებოდნენ პროტესტის ორგანიზატორებს, მათი ოჯახის წევრებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. ძალადობის ეს ფორმა ჰგავს ე.წ. ტიტუშკების რეიდს (Titushky Raid). წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა. ცვლილებები მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად და არ იყო მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს რეალურად გაუმჯობესებისკენ. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ცესკომ 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით მიიღო, ეხებოდა ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრის პროცედურის ჩატარებას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. ამ სადავო დადგენილების შესახებ 20 აგვისტოს საიამ სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა. გარდა ამისა, 18 ოქტომბერს ორგანიზაცია დააკვირდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა წინა დღეს, 17 ოქტომბერს, 20:27 საათზე, რამაც მონიტორინგი არსებითად გაართულა. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საია პროცესს 18 უბანზე დააკვირდა. ამ უბნების, დაახლოებით, 30%-ზე წილისყრის პროცედურა ცესკოს მიერ მითითებულ დროზე ადრე დაიწყო, ხოლო გარკვეულ უბნებზე - გვიან. შესაბამისად, ორგანიზაციას ეფექტიანი დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა", - ნათქვამია "საიას" განცხადებაში.
ივნისის შემდეგ "საიამ" აღრიცხა ხელისუფლების 13 მასშტაბური სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორისაა: პატიმრების ამნისტია, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, ასობით ოჯახისთვის ბინების გადაცემა ან გადაცემის დაპირება და სხვა. ეს საიას აზრით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ნიშნავს. პრესკონფერენციაზე განიხილეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები.
საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ფაქტზე, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ორგანიზაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებების რეაგირების თაობაზე ინფორმაცია საიასთვის უცნობია.
0 კომენტარი