უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის „მადლიერია“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ევროკავშირის ლიდერების 50 მილიარდი ევროს უკრაინისთვის გამოყოფის გამო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისადმი გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო დახმარება და სანქციები რუსეთზე”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც და აღნიშნა, რომ ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება, კიევისთვის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯია.

„ეს ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი, რომ თითქოს უკრაინით ვინმე დაიღალა ან მხარდაჭერა შეუმცირდა, უბრალოდ, მცდარია. ევროკავშირი ხელმძღვანელობს გზას და მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს",- წერს მინისტრი კულება სოციალურ ქსელ X-ში. 

დღეს, ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობაც. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *