უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ადასტურებს, რომ ბრიუსელში შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი გაგზავნა საკუთარი პირობებით. კერძოდ, ფრანგულ გამოცემა Le point-თან ინტერვიუში, პრემიერი ორბანი ამბობს, რომ ბუდაპეშტი, უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან 50 მილიარდი ევროს დაფინანსების საკითხის განბლოკვას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ევროკავშირი დახმარებას ყოველწლიურად დაამტკიცებს. 

"სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთ ქვეყანას ისე ესმის ან ისეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, თითქოს ეს პირობა ყოველწლიური შანტაჟის საშუალებაა უნგრეთისთვის, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ საქმე ეხება არა ვეტოთი შანტაჟს, არამედ ევროკავშირის ერთიანობის აღდგენასა და შენარჩუნებას. ამიტომ გადავწყვიტეთ წარგვედგინა კომპრომისული ვარიანტი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივაწოდოთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს - ის უნდა იყოს ერთსულოვანი“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ ორბანის ამ განცხადებას, წინ უძღოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს უკრაინაში ვიზიტი, სადაც განხილვის მთავარი საკითხი, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მომზადება და ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის დაზუსტება გახლდათ. 29 იანვარს, უკრაინის ქალაქ უჟგოროდში, ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ პეტერ სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრის მოსამზადებლად მხარეებმა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ გადადგეს. 

უჟგოროდში მოლაპარაკების დაწყებამდე, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი ახლა თანახმაა, უკრაინისთვის დახმარება გამოიყოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არადა უნგრეთის პრემიერი მანამდე აცხადებდა, რომ უკრაინისთვის დახმარების ფინანსური წყარო ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა იყოს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *