უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ალექსეი მაკეევმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბერლინი, დახურულ კარს მიღმა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, კიევზე ზეწოლას ახორციელებს.
ინფორმაცია სპეკულაციის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც 22 დეკემბერს, გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ში, "ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დეტალებზე", სტატია გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ “ ოქტომბრის ბოლოს, ვაშინგტონში, გერმანიის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, კანცლერ ოლაფ შოლცის უახლოესმა პირმა, ვოლფგანგ შმიდტმა, ამერიკელი ანალიტიკოსის სამუელ ჩარაპის წინადადება შეაქო”. გერმანული გამოცემის მიხედვითვე, ამერიკელი ანალიტიკოსის წინადადება, რუსეთთან მოლაპარაკების გზით, უკრაინაში ომის დასრულებას გულისხმობდა, “რადგან ამ ომში არცერთ მხარეს შეუძლია გამარჯვების მოპოვება”.
აღნიშნული ინფორმაციის გერმანულ მედიაში გავრცელების შემდეგ, უკრაინის ელჩმა ალექსეი მაკეევმა თქვა, რომ ბერლინი კიევს, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ, არასოდეს უბიძგებდა. „მსგავსი ზეწოლა არც დახურულ კარს მიღმა ყოფილა”,- დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.
მოგვიანებით, გამოცემა Der Spiegel-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, გერმანიის კანცლერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ შმიდტმაც უარყო და მას “უსაფუძვლო” უწოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით გერმანიის კანცლერის მრჩეველმა, იენს პლოტნერმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „უბრალო ცეცხლის შეწყვეტა დღეს ტერიტორიების მიტაცებისა და კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის ლეგიტიმაცია იქნება რუსეთისთვის".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი, გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინასთან მშვიდობის განხილვა არ სურს მანამ, სანამ ომში საკუთარ მიზანს არ მიაღწევს.
0 კომენტარი