მომავალ კვირას, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, კიდევ ერთხელ განიხილავს - ინფორმაციას თურქეთის პარლამენტი მედიაში ავრცელებს.

თურქეთის საპარლამენტო კომიტეტის მიერ, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის დამტკიცება, გზას გაუხსნის პარლამენტის სრული კენჭისყრის რატიფიკაციას, სადაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი ალიანსი, უმრავლესობას ფლობს. შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლა კი, აუცილებელია, სანამ პრეზიდენტი ერდოღანი საკანონმდებლო ცვლილებას ხელს საბოლოოდ მოაწერს.

თურქეთი ნატო-ს ორი ქვეყნიდან ერთ-ერთია, უნგრეთთან ერთად, რომელსაც  შვედეთის წინადადება, უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ნატო-ს ალიანსს შეუერთდეს, საკანონმდებლო დონეზე ჯერ არ დაუმტკიცებია. თურქეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ სტოკჰოლმი  შვედეთში ქურთი ტერორისტების შესაჩერებლად "საკმარისს არ აკეთებს".

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონმდებლების მხრიდან "დიდი სურვილი არ არის“, შვედეთის წინადადება დაამტკიცონ. 

აღსანიშნავია, რომ შვედეთის თემა, ერთ-ერთი მთავარი იყო გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის  სატელეფონო საუბრისას. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა “ნატო-ს ალიანსის გაძლიერების, მათ შორის შვედეთის, როგორც მოკავშირის ბლოკში რაც შეიძლება სწრაფად მიღების მნიშვნელობა განიხილეს”. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, პრეზიდენტებმა "განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, რომ საკუთარი თავი დაიცვას. მათ  ასევე განიხილეს შესაძლებლობები ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისა და პალესტინელი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო კორიდორის უზრუნველყოფის შესახებ".

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალური პირები, 21 დეკემბერს, ვაშინგტონში შეხვდნენ და პრეზიდენტების სატელეფონო საუბრების საფუძველზე, "ფუნქციონალური და რეგიონალური საკითხების ფართო სპექტრზე ისაუბრეს". პენტაგონის მიერ გავრცებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "შეხვედრაზე განსახილველი საკითხები მოიცავდა ტერორიზმის დამარცხების სტრატეგიას, უსაფრთხოებას აფრიკასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ნატოს ალიანსის გაფართოების მნიშვნელობას". დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ანკარაში შეხვდებიან. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *