"უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე. ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობასა და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. მისივე განცხადებით, დახმარება უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას უზრუნველყოფს. 

შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელზედაც ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. მედიის ინფორმაციით, სამიტი დაგვიანებით დაიწყო, რადგან მანამდე გავლენიანი ლიდერები მცირე ჯგუფებად მართავდნენ შეხვედრებს. უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების საკითხი დეკემბრის სამიტზე უნგრეთმა დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, სპეციალური სამიტის მოწვევა დასჭირდა. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში. ევროკავშირს სურს, ეს ხარჯები შეიტანოს ბიუჯეტის შვიდწლიან გეგმაში, რომელიც ძალაში იქნება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *