სერბეთის საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამო, მასობრივი პროტესტის შემდეგ, ქვეყნის საარჩევნო კომისიამ, 30 საარჩევნო უბანზე, განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
განცხადება ორდღიან საპროტესტო აქციასა და მკაცრ საერთაშორისო შეფასებებს მოჰყვა. ითქვა, რომ სერბეთში, ხელახალი არჩევნები, 30 დეკემბერს ჩატარდება.
სერბეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება, 12 240 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 30 საარჩევნო უბანი, ქვეყნის 8 000-ზე მეტი უბნის, მხოლოდ, 0,38%-ს წარმოადგენს, შესაბამისად, "ხელახალი არჩევნების შედეგები უკვე გამოცხადებულ შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს".
“საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლებამოსილება და ვერ დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნას, განმეორებითი არჩევნებში ბელგრადშიც ჩატარდეს”,- თქვა სერბეთის კომისიის პრეზიდენტმა ვლადიმერ დიმიტრიევიჩმა. ბელგრადი კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან დედაქალაქში მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედი ცხოვრობს და თუ წინა არჩევნების შედეგებსაც გადავხედავთ, ბელგრადში გამარჯვება ეროვნულ საარჩევნო წარმატებასაც გულისხმობს.
სერბეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, 17 დეკემბერს ჩატარდა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველ პარტიას პროევროპული ოპოზიციური კოალიცია დაუპირისპირდა. პრეზიდენტი ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მან ხმათა 46% მიიღო, ოპოზიციური პარტიების კოალიციამ კი - 23,5%.
ოპოზიცია ამ მონაცემებს ეჭქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მთავრობამ, მეზობელი სახელმწიფოდან (ბოსნია) არარეგისტრირებული ამომრჩევლები ჩამოიყვანა და მათ ხმის მიცემის უფლება უკანონოდ მიანიჭა. საუბარია, დაახლოებით, 40 ათას გარე ამომრჩეველზე, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად, ავტობუსებით მიიყვანეს.
საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფმა, სერბეთის არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებს “უკანონო” უწოდა, რადგან "ხმეის მოსყიდვისა" და "საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის" ფაქტები გამოავლინეს.
მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მსგავსი დარღვევები მიუღებელია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს.
„ეუთო-მ გამოავლინა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შემთხვევები“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შესაძლო დარღვევების გამოიძიება შეერთებულმა შტატებმაც მოითხოვა. „დარღვევებზე განცხადებები, რაც ნახსენებია, როგორც ეუთოს, ასევე, სხვა სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ, გამოძიებას საჭიროებს, ხოლო ძალადობა საარჩევნო ინსტიტუტებზე, ჟურნალისტებსა და აკრედიტებულ დამკვირვებლებზე, რომლის შესახებაც ანგარიშებშია ნათქვამი, მიუღებელია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
საარჩევნო დარღვევებზე კრიტიკას ევროკავშირიც შეუერთდა და თქვა, რომ სერბეთის "საარჩევნო პროცესი ხელშესახებ გაუმჯობესებასა და შემდგომ რეფორმებს საჭიროებს".
სერბეთში მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის ბერკეტებს უნდა ინაწილებდნენ, თუმცა პრემიერიც პრეზიდენტ ვუჩიჩის ერთგულ თანამოაზრედ მიიჩნევა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებებით, დღეს სერბეთში კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ მწვავე კითხვები არსებობს, რაც, მათი განცხადებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის არაპროპორციულად მასშტაბურ ძალაუფლებას ანიჭებს.
0 კომენტარი