საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი, სტეფან სეჟურნი, საზღვაგარეთ პირველი ვიზიტით კიევს ესტუმრა, რაც მისი განცხადებით, ხაზს უსვამს პარიზის უცვლელ მხარდაჭერას კიევის მიმართ.
”უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა და მისი მხარდამჭერები დაიღლებიან, თუმცა ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ეს გახლავთ გზავნილი, რომელსაც უკრაინელებს ვეუბნებით - ჩვენი თქვენდამი მხარდაჭერა უცვლელია”, - აღნიშნა მინისტრმა სეჟორნემ კიევში ყოფნისას.
მინისტრმა სეჟურნემ თქვა ისიც, რომ საფრანგეთის თავდაცვის ფონდი უკრაინას შეიარაღების შეძენაში დაეხმარება და ასევე, კიევი საფრანგეთისგან დამატებით დაფინანსებას მიიღებს. მისივე განცხადებით, საფრანგეთი აქტიურად მუშაობს უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად, რათა უკრაინას ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაუყოვნებლივ მიეწოდოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას კიევში ვიზტისთვის, რამაც მისი განცხადებით, "არ შეაჩერა კიდევ ერთი მასიური რუსული დარტყმა“. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენებულ რუსულ რაკეტებში, დასავლური წარმოების მრავალი კომპონენტია ნაპოვნი.
„კიევის ეკონომიკის სკოლისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ბოლო მოხსენების მიხედვით, რუსული იარაღის ელექტრონული კომპონენტის 44% დასავლურ კომპანიებშია შემუშავებული“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა და "დიდ შვიდეულსა" და ევროკავშირს მოუწოდა, ამ მიმართულებით „გადამწყვეტი ზომები მიიღონ“.
0 კომენტარი