თუ ნატოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყება, ფინეთი იქნება პირველი, ვინც დაზარალდება - ამ შინაარსის განცხადებას მოსკოვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში მიხაილ ულიანოვი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიხაილ ულიანოვი ფინეთს დეკემბერში, შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამოც აკრიტიკებს. ამ შეთანხმების მიხედვით, შეერთებულ შტატებს წვდომა ექნება ფინეთში განლაგებულ ყაზარმებზე, პოლიგონებსა და საწყობებზე, მათ შორის, ამერიკული სამხედრო ტექნიკის შესანახად.
„ეს უკვე სერიოზული გამოწვევაა“, - აღნიშნავს საპასუხოდ ულიანოვი ინტერვიუში. ეს უკვე რიგით მეორე მუქარაა ფინეთის მისამართით მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების გამო მოსალოდნელ საფრთხეებზე მიანიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფინეთმა, მიგრანტებისა და თავსესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადის გამო, რუსეთთან არსებული სახმელეთო საზღვარი დახურა. ჰელსინკის პოზიციაა, რომ ამ ნაკადის უკან რუსეთის კონკრეტული მიზნების არსებობის დიდი რისკია, რასაც კრემლი უარყოფს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო და აპრილში ალიანსის 31-ე წევრი გახდა. ფინეთს რუსეთთან 1340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რაც ნატოს წევრებს შორის ყველაზე გრძელია.
0 კომენტარი