"რუმინეთი არ არის მზად რუსეთთან პოტენციური ომისთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით, გაძლიერება გვჭირდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ პუტინთან შესაძლო ომისთვის", - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, გეორგი ვლადმა. მისივე თქმით, "რუსეთის პოტენციური გეგმები, არამხოლოდ რუმინეთის მოსახლეობას, არამედ, სრულიად ევროკავშირს უნდა აშფოთებდეს".

"თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი მთავარი სამიზნე მოლდოვა იქნება. ჩვენ ვიქნებით დაძაბულობის მოწმენი დასავლეთ ბალკანეთში", - დასძინა რუმინელმა გენერალმა. ის ასევე აღნიშნავს, რომ 35 წლამდე მამაკაცები და ქალები, ნებაყოფლობით საბაზისო სამხედრო მომზადების პროცესში უნდა ჩაერთონ. მან სამართლებრივი რეფორმების გატარებაც მოითხოვა, რათა რუმინეთს უფლება მიეცეს, რუსული თვითმფრინავებისგან თავი დაიცვას. გენერლის თქმითვე, რუმინეთში, ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები, გასული წლის სექტემბერში ჩამოვარდა და "მაშინ უპილოტო საჰაერო დრონის ჩამოგდება ვერ მოხერხდა, რადგან რუმინეთის კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა".

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ ღია მოწოდება, მას შემდეგ გააჟღერა, რაც დასავლელი სამხედრო თუ თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ სამხედრო შესაძლებლობის გაძლიერების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალ პატრიკ სანდერსმა, ბრიტანეთის ხელისუფლებას, რუსეთთან შესაძლო ომის მოსამზადებლად, „ერის მობილიზებისკენ“ მოუწოდა. 

მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა ნატოს სამხედრო ალიანსზე „შესაძლებელია ხუთიდან რვა წელიწადში“. ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა კი თქვა, რომ ნატო, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშიში გამოწვევების წინაშე დგას.

”რუსეთის ფედერაცია მსოფლიო წესრიგისთვის, დემოკრატიისთვის გახდა პრობლემა. ფაქტობრივად, ეს არის რუსეთის ომი არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ, სრულიად დემოკრატიულ სამყაროსთან”, - აღნიშნა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *