მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, მაია სანდუ, ოფიციალურად გამოაცხადა. წინასწარი შედეგების მიხედვით, მან ხმების 55%-ი მოიპოვა. კვირა საღამოს, თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა სანდუმ აღნიშნა, რომ ის თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი იქნება. მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ კი, მხარდამჭერებს მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
პრეზიდენტმა სანდუმ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს ქვეყნის მომავლის გადარჩენისა და იმ "დემოკრატიის გაკვეთილისთვის, რაც ისტორიის წიგნებში ჩაწერას იმსახურებს". მოგვიანებით, მან საუბარი რუსულ ენაზე განაგრძო და თქვა: "მე ყველას ხმა გავიგონე - მათი, ვინც მხარი დამიჭირა და ასევე იმ ადამიანების, ვინც ხმა ბატონ სტოიანოგლოს მისცა. ღირსეული მომავლის არჩევანში არავინაა წაგებული... ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ".
აღსანიშნავია, რომ რუსეთი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჟოზეფ ბორელმა კი, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მაია სანდუს გამარჯვება მიულოცეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არჩევნებში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევას. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, "იშვიათი ძალაა საჭირო იმ გამოწვევების დასაძლევად, რისი გავლაც მაია სანდუს ამ არჩევნებში მოუწია".
"მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ თქვენთან მუშაობას მოლდოვასა და მისი ხალხის ევროპული მომავლისათვის", - ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე 54%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი, საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტები აქტიურობდნენ. სტოანოგლომ მხარდაჭერა სოფლებსა და მოლდოვის სამხრეთ ნაწილში მოიპოვა, მაია სანდუს კი, ხმარი ქალაქში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა და ახალგაზრდებმა დაუჭირეს.
საარჩევნო დღის განმავლობაში, მოლდოვის ოფიციალური პირები პერიოდულად აქვეყნებდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესში რუსეთის "მასიური ჩარევის" შესახებ, რაც "შედეგების დამახინჯებას ისახავდა მიზნად". პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ რუსეთის ორგანიზებით, ამომრჩევლები ავტობუსებით გადაჰყავდათ, რათა ხმა პრორუსული კანდიდატისთვის მიეცათ. ამასთან, მოლდოვის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა ოლიგარქიმა, ილან შორმა, 39 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა იმისთვის, რომ მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ, 138,000 მოლდოველის ფული გადაეხადა.
თავად შორმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, ბრალდებები უარყო, თუმცა საჯარო პირობა გასცა, რომ შესაბამის თანხას გადაუხდის ყველას, ვინც მზადაა ევროკავშირის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
ამასთან, მოლდოვის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია ჰქონდა რუსეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ამომრჩეველთა ორგანიზებული და უკანონო ტრანსპორტირების შესახებ და საზოგადოებას მოუწოდა, დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.
0 კომენტარი