ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც შეზღუდვებს უწესებს ბრილიანტის ვაჭრობასა და ასევე, იმ ტექნოლოგიების იმპორტს, რაც შესაძლოა, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენებოდეს. დაწესდა ფინანსური შეზღუდვები რუსული ნავთობის მწარმოებლებისთვისაც.
„ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ჩამონათვალსა და ეკონომიკური ზომების მძლავრ კომპლექტს, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას კიდევ უფრო შეასუსტებს. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც ეს უკვე ვთქვი მაშინ, როდესაც კიევში საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოს ვხელმძღვანელობდი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, რომელიც განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა.
მე-12 პაკეტის მიხედვით, ევროკავშირის დასანქცირებულთა სიას, დაახლოებით, 29 კომპანია დაემატა, მათ შორის, საზღვარგარეთ დარეგისტრირებული ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მოსკოვისთვის, დასავლური სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში არიან ბრალდებულნი.
ასევე, მე-12 პაკეტი მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროკავშირის შესაძლებლობა სანქციების თავიდან აცილების მცდელობების მონიტორინგისთვისაც. ცნობილი გახდა ისიც, რომ ევროკავშირი კრემლთან მჭიდრო კავშირში მყოფი 100-მდე პირის აქტივებს გაყინავს და მათ ევროკავშირში მოგზაურობას აუკრძალავს.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკავშირს შესთავაზა, ევროპაში გაყინული რუსული აქტივები, უკრაინის თავდაცვის დაფინანსებისკენ მიმართოს.
0 კომენტარი