ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი იმართება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას განიხილავენ, შეფასებები გაკეთდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, "პრემიერი ვიქტორ ორბანი უცნაურ და ეგოისტურ თამაშს თამაშობს".
"ჩვენ არ გვაქვს ე.წ უკრაინით დაღლის პრობლემა და ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ბრიუსელში ჩვენ ვიქტორ ორბანით დავიღალეთ.
მე არ მესმის და არ ვეთანხმები ვიქტორ ორბანის ძალიან უცნაურ და ეგოისტურ თამაშს. დღეს არ არსებობს კომპრომისისთვის სივრცე უკრაინასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის შეფასებით კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სურს, ბრიუსელის ყურადღების ეპიცენტრში მოხვდეს.
"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიოთ. ვიქტორ ორბანი კი, ცდილობს ყურადღების ცენტრში მოხვდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ბრიუსელში ვიკრიბებით. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. უკრაინას გრძელვადიანი შეთანხმება სჭირდება", - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მედიასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ისაუბრა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამაც.
"ერთსულოვნების პრინციპი ჩვენი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადი ელემენტია, განსაკუთრებით, ისეთი პატარა სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა ლიეტუვა, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები. ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ეს პრინციპი მისი ბოროტად გამოყენებით. ვფიქრობ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბოროტად იყენებს მის უფლებას, ჩვენ კი, ერთიანობის პრინციპი უნდა დავიცვათ", - აღნიშნა მედიასთან საუბრისას ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერი ორპოს განცხადებით კი, "ევროკავშირის 26 ქვეყანას ვერავინ დააშანტაჟებს".
"ვფიქრობ, უნგრეთის პრემიერი ბოროტად იყენებს ანონიმურობის პრინციპს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში რთული ვითარებაა და გამოსავლის პოვნა გადამწყვეტია. ჩემთვის მიუღებელია, რომ ერთ ქვეყანას ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია. ევროკავშირის 26 ქვეყანას ვერავინ დააშანტაჟებს,"- განაცხადა მედიასთან ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
0 კომენტარი