ევროპისთვის გადამწყვეტ დღეებში, “მაღალი ფსონების” სამიტის წინ, რომელიც ბრიუსელში უნდა გაიმართოს, ვიქტორ ორბანმა წინააღმდეგობრივი კამპანია გააძლიერა და ცდილობს, უკრაინისადმი 50 მილიარდი ევროს ფინანსური და სამხედრო დახმარება დაბლოკოს, ასევე, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს.
“ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისგან, რადგან ამ საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთობა არ არსებობს”- თქვა გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ -მინისტრმა ესპანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
უნგრეთის პირველი პირის პოლიტიკურად გამომწვევმა დამოკიდებულებამ, ევროკავშირში გააძლიერა შიში, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არსებული პოლიტიკური ერთიანობა, შესაძლოა, დაიშალოს.
“უნგრეთის პოზიცია არამხოლოდ უკრაინასთან, სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებითაც ეწინააღმდეგება ევროპას და ყველაფერს, რასაც ევროპა უჭერს მხარს”, - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მუქარას “იდეოლოგიების შეჯახება” უწოდა.
“უნგრეთის პოზიცია გამოწვევაა”,- ასე აფასებს ევროპისთვის გადამწყვეტ დღეებში, პრემიერ-მინისტრ ორბანის პოზიციას ლატვიის საგარეო საქმეთ მინისტრი კრიშიანის კარიში. მისივე თქმით, “ეს პროცესი ხაზს უსვამს იმ საინტერესო გზას, რომლითაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას - ერთსულოვნება, რაც ზოგჯერ კარგი მოდელია, ზოგჯერ კი, როგორც ახლა ვხედავთ, უარყოფითი შედეგის მომტანი”.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის სახელმწიფოებისგან, გაყინული ფინანსების მიღებას ითხოვს, რომელიც გასული წლის ბოლოს, უნგრეთში კანონის უზენაესობის მიმართ არსებული მძიმე კითხვების გამო, ევროკომისიამ შეაჩერა. საუბარია, ჯამში, 22 მილიარდ ევროზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ ბუდაპეშტს 900 მილიონი ევრო რამდენიმე თვის წინ გამოუყო და დაიწყო მზადება ბუდაპეშტისთვის 10 მილიარდი ევროს საერთო ფონდებიდან გამოყოფისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისგან ფინანსების სრული გათავისუფლება მოითხოვა.
0 კომენტარი