ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, ევროსაბჭომ 2023 წლის დასკვნითი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიული ომის დაგმობითა და უკრაინის მიმართ ევროკავშირის “ურყევი მხარდაჭერის დადასტურებით” იწყება. მასში ასევე მითითებულია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. 

დოკუმენტის პირველ თავში ნათქვამია, რომ “ევროპული საბჭო ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ვალდებულებას, გააგრძელოს ძლიერი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო”.

“ევროპული საბჭო მკაფიო ხაზს უსვამს უკრაინისთვის დროული, პროგნოზირებადი და მდგრადი სამხედრო მხარდაჭერის მიწოდების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროპის სამშვიდობო ფონდისა და ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის, ასევე, წევრი სახელმწიფოების პირდაპირი ორმხრივი დახმარების საშუალებით. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის დაჩქარებულად მიწოდებისა და მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის აუცილებლობასა”, - ნათქვამია დოკუმენტში. 

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ “ევროპულმა საბჭომ, ასევე განიხილა უკრაინის მიმართ ევროკავშირის მომავალი უსაფრთხოების ვალდებულებები. სამხედრო მხარდაჭერა და უსაფრთხოების ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნება წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული დაცვით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით. უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააძლიერებენ ჰუმანიტარული და სამოქალაქო დახმარების მიწოდებას, რათა უკრაინამ ზამთარში ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა შეძლოს. უფრო მეტიც, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, ევროკავშირი ერთგული რჩება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერისა, მათ შორის, განაღმვის პროცესისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით”.

ევროსაბჭო დოკუმენტში აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა რუსული აქტივების უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისკენ მისამართად. “რუსეთმა და მისმა ხელმძღვანელობამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აგონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჩადენილი სხვა უმძიმესი დანაშაულებისთვის, ისევე როგორც ომის შედეგად მიყენებული მასიური ზიანისთვის”, - ნათქვამია დოკუმენტში. 

ევროპული საჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერია, რომ საბჭო ხელს უწყობს ძალისხმევას, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოისაძიებლად შეიქმნას ტრიბუნალი, რომელიც ისარგებლებს ყველაზე ფართო რეგიონული მხარდაჭერითა და ლეგიტიმურობით. “ევროპული საბჭო იმეორებს დაუყოვნებლივ მოწოდებას რუსეთისა და ბელარუსის მიმართ, რომ სასწრაფოდ უზრუნველყონ უკრაინაში უკანონოდ გადაყვანილი უკრაინელი ბავშვებისა და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება უკრაინის ტერიტორიაზე”, აღნიშნულია ევროსაბჭოს 2023 წლის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ევროსაბჭომ 2023 წლის სამიტზე გადაწყვიტა, კიდევ უფრო შეასუსტოს რუსეთის მიერ აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობები, მათ შორის, სანქციების შემდგომი გაძლიერებითა და მათი სრული და ეფექტიანი განხორციელებით. იქვე მითითებულია, რომ “ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას ომის შესახებ ყალბ რუსულ ნარატივებსა და დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად”.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ევროსაბჭო ხაზს უსვამს შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტმა მსოფლიო ბაზრებს მიაღწიოს”. აღნიშნულია დოკუმენტში. უკრაინის მიმართ გამოცხადებული საკმაოდ ვრცელი მხარდამჭერი ტექსტისა და კონკრეტული ზომების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, დასკვნის ტექსტი გრძელდება საქართველოსა და მოლდოვისთვის გამოცხადებული ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რაც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით”.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ გაფართოება არის გეო-სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. “ეს არის ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მამოძრავებელი ძალა, ასევე, ამცირებს ქვეყნებს შორის უთანასწორობას და ხელს შეუწყობს იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. შემდგომი გაფართოებული კავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად უნდა იყოს გაწევრიანების ეტაპისთვის. ორივე მიმართულებით მუშაობა, პარალელურად უნდა წარიმართოს. გაერთიანებისკენ მიმავალმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ რეფორმების გატარების ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. ეს გააძლიერებს ევროკავშირს და გააძლიერებს ევროპის სუვერენიტეტს”, ვკითხულობთ დოკუმენტში.

დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ “ევროსაბჭო ადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის სრულ და ცალსახა ერთგულებას და მოუწოდებს ქვეყნებს დაჩქარდეს მათი გაწევრიანების პროცესი”. 

გლობალური არასტაბილურობის, სტრატეგიული კონკურენციისა და უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობას. “ევროკავშირმა უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, მეტი უნდა გაკეთდეს თავდაცვის მზადყოფნისა და თავდაცვის ხარჯების ერთობლივი გზით გაზრდისთვის. მათ შორის, აუცილებელია თავდაცვაში ინვესტიციების გაძლიერება. კერძოდ, ევროპული საბჭო მოუწოდებს გაერთიანებას სასწრაფოდ განხორციელდეს არსებული ღონისძიებები ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობისა და კოორდინაციისთვის და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით სახელმწიფოების მარაგების შესავსებად”, ნათქვამია 2023 წლის ევროსაბჭოს დასკვნაში.

საბჭო ხაზს უსვამს იმასაც, რომ აუცილებელია ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის, ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზის გაძლიერების კუთხით.

დოკუმენტში მითითებულია მიგრაციის საკითხზეც და ნათქვამია, რომ აუცილებელია გადამწყვეტი ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდასთან, ასევე, მიგრაციის, როგორც ჰიბრიდული საფრთხის ინსტრუმენტალიზაციასთან.

დოკუმენტში განხილულია ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებიც და ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო ითვალისწინებს უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ერთობლივ ანგარიშს ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ და საკითხს ევროპის საბჭოს მომავალ სხდომაზე დაუბრუნდება. 

ევროსაბჭოს დასკვნაში, მნიშვნელოვან ეტაპადაა გამოცხადებული ბრძოლა ანტისემიტიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ და “ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობას ყველა სახის ანტისემიტიზმისა და სიძულვილის, შეუწყნარებლობის, რასიზმისა და ქსენოფობიის, მათ შორის ანტიმუსლიმური სიძულვილის გამოვლინებას”.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ ევროპული საბჭო გააგრძელებს მუშაობას ახალ სტრატეგიულ დღის წესრიგზე, რომელიც განსაზღვრავს კავშირის პრიორიტეტებსა და სამომავლო განვითარების გზებს. მომავალ სტრატეგიულ დღის წესრიგს კი, 2024 წლის ზაფხულისთვის მიიღებს.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *