პოლონელმა სამართალდამცავებმა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაციეი ვასიკი დააკავეს. ისინი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას საპრეზიდენტო სასახლეში იმყოფებობდნენ, როდესაც პოლიცია მათ დასაკავებლად მივიდა.
დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა მარსინ კიერვინსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.
სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერი, ორშაბათს გასცა, თუმცა ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა დუდამ ისინი ვარშავის საპრეზიდენტო სასახლეში ფიცის დადების ცერემონიაზე მიიწვია. ვარშავის პოლიციამ დეტალების მედიასთან გასაჯაროებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ ის თქვა, რომ დაკავება "სასამართლო ბრძანების შესაბამისად" მოხდა.
პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ მოქმედებასთან ერთად, ქვეყანაში ქაოსისა და არასტაბილურობის შექმნაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “დუდამ უნდა შეწყვიტოს სპექტაკლი, რომელიც ძალიან სახიფათო ვითარებამდე მიგვიყვანს“. მან მედიასთან შეხვედრაზე წაიკითხა სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაწილიც, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტმა დაარღვია და რაც თავისუფლების აღკვეთას, სამი თვიდან ხუთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„მინდა პრეზიდენტმა იცოდეს, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები ატყუებენ. ისინი სწორედ მას უგებენ მახეს და არა მე“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ორივე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 2007 წელს წარედგინათ, თუმცა პრეზიდენტმა დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა. მას შემდეგ, ისინი პარლამენტის წევრებიც გახდნენ, თუმცა მანდატები, სასამართლო ბრძანებით, გასულ წელს ჩამოერთვათ. პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტ დუდას 2015 წლის შეწყალებაც ბათილად გამოაცხადა, რადგან "ის გაიცა მაშინ, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალს ასაჩივრებდნენ". პრეზიდენტისთვის ეს საკითხი საკამათოა და შეწყალების ძალაში დატოვებას მოითხოვს. პრემიერმა ტუსკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მათი შეწყალება ხელახლა შეუძლია, რადგან სასამართლომ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისივე თქმით, ეს "კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს პირველადი შეწყალების იურიდიულ სტატუსს".
პოლონური მედიის შეფასებით, პროცესები პრემიერ-მინისტრის ახალ მთავრობასა და პრეზიდენტ დუდას ფლანგს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელებაა. ამ უკანასკნელის პოლიტიკურმა ფლანგმა, ძალაუფლება 8-წლიანი მმართველობის შემდეგ, ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შედეგად დაკარგა.
0 კომენტარი