ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი globalnews.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის დახმარება, “ნომერ პირველი ამოცანაა, რადგან რუსეთი გლობალურ წესრიგს სულ უფრო მეტად ემუქრება”.
“რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომი საშინელებაა. ჩვენ ვხედავთ, როგორი სისასტიკითა და ძალადობით მოქმედებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და როგორ ირღვევა საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად. ცოტა ხნის წინ, რუსული რაკეტით სამშობიარო დაბომბეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე წარმატებით განადგურდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, მათ შორის, სამშობიაროები, საავადმყოფოები და სკოლები. ასე რომ, მართლაც, ორი წელია ვხედავთ რუსეთის სასტიკ ძალადობას, თუმცა, ამავდროულად, სულ უფრო აღფრთოვანებულნი ვართ უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცით. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გარედან დახმარების გარეშე, ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რუსეთის შეკავება, ურთულესი იქნება. ამიტომაცაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენა ჩვენს ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენს. ამისთვის ვიმყოფებით ვაშინგტონში, რათა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ერთობლივად განვაგრძოთ უკრაინის დახმარება. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების დროში გაწელვის უფლება აღარ გვაქვს”,- ამბობს Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი.
შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს პრაღას კონგრესისა და ასევე, პირველ თებერვალს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისგან, ჩეხი კანონმდებელი აღნიშნავს, რომ “რუსეთი მარტო არ მოქმედებს, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, ამიტომ დასავლეთმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს”.
“ევროპის კონტინენტზე, ნატოს ქვეყნების სრულმა უმრავლესობამ, უკრაინას უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამხედრო თუ ფინანსური დახმარება გაუწია, თუმცა დიახ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი მათგანი, მხოლოდ დახმარების აუცილებლობის მოწოდებებით გამოირჩეოდა და საქმის ნაცვლად, მხოლოდ ლაპარაკობდა. დიახ, ჩვენ ევროპაშიც გვაქვს საშინაო დავალება შესასრულებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც არიან ისეთი ლიდერებიც, რომლებიც უკრაინის დახმარებას ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან. ამ მოცემულობაში გამოსავლის მოძიება აუცილებელია და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ როგორც საჯარო დისკუსიებში, ისე დახურულ კარს მიღმა. რაც მთავარია, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან რუსეთი გლობალურ წესრიგს სულ უფრო მეტად ემუქრება. თანაც, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი მარტო არ მოქმედებს და ის მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. რა თქმა უნდა, ეს არის ალიანსი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მას საფრთხის შექმნა შეუძლია არამხოლოდ ევროპისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ გვმართებს მეტი დაფიქრება, რას ვაკეთებთ ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტისთვის - ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომელსაც მთავარ საფრთხეს რუსეთი უქმნის”, - ამბობს ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი globalnews.ge-სთან ინტერვიუში.
0 კომენტარი