ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი globalnews.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხშირად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მის “გიჟურ იდეებსა და ინიციატივებს საჯაროდ აჟღერებს”.
“პუტინისთვის საკმაოდ ყურადღებით უნდა მოგვესმინა და ახლაც უნდა დავუკვირდეთ მის სიტყვებს, რადგან ხშირად ის საჯაროდ ამბობს იმას, რის გაკეთებასაც მომავალში გეგმავს. ერთი შეხედვით, გვეჩვენება, რომ ის სისულელეს აჟღერებს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რატომ ან რას საუბრობს და რა აქვს მომავლისთვის დაგეგმილი. ხშირად ის ახმოვანებს ინიციატივებსა თუ გიჟურ იდეებს, რომლის კონტექსტში ჩასმასაც ჩვენ მოგვიანებით ვცდილობთ. მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში მან თქვა, რომ ნატო 1997 წლის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, რაც თავისთავად, გიჟური იდეაა, თუმცა ღიად მიგვანიშნებს კრემლის შემდგომ ნაბიჯებზე. მოსკოვი ასევე გვთავაზობს მის მიერ შეთხზულ ისტორიებს, რაც ასევე, რბილად რომ ვთქვა, სისულელეა, არა?! თუმცა სიღრმეებს თუ დავუკვირდებით, თითოეული ეს გზავნილი უკიდურესად საშიშია. სწორედ ამიტომ ვამბობთ ხაზგასმით, რომ დღეს უკრაინა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად კი არ იბრძვის, საფრთხე ევროპის თითოეულ ქვეყანასა თუ რეგიონს ემუქრება, საქართველოს ჩათვლით. პუტინის მუქარა, შესაძლოა, ჯერ კიდევ ვიღაცისთვის სულელურ და გიჟურ იდეას წარმოადგენს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, თუმცა რეალურად, ის გვიზიარებს საკუთარ იმპერიალისტურ გეგმებს. ამიტომაც გვჭირდება, რომ დღეს და ახლა, ჩვენი საერთო პასუხი იყოს უმკაცრესი, ახლა დაყოვნება დაუშვებელია”, - ამბობს ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი.
შეკითხვაზე, კრემლის მიერ საჯაროდ გაცხადებული მიზნების ფონზე, რამდენად რეალურია პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის რეალობად ქცევა, ჩეხი კანონმდებელი პასუხობს, რომ “არამხოლოდ შეიარაღებული ძალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერების მეტი აქტიურობა აუცილებელია.
“ბუნებრივია, არსებობს საფრთხეების შეკავების სტრატეგია. რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალების დოქტრინის გაძლიერება გვჭირდება, თუმცა ვფიქრობ, არამხოლოდ შეიარაღებული ძალების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაც აუცილებელია. მთელი საზოგადოების როლია მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც პოლიტიკოსების, პოლიტიკური ლიდერების, პარლამენტის წევრებისა და ა.შ. ჩვენ მკაცრად უნდა ვუპასუხოთ რუსეთს, რომელიც, როგორც მინიმუმ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და ამავე საბჭოს წესებს არღვევს. ოკუპაცია უნდა დასრულდეს გლობალური წესრიგის საფუძველზე. ჩემთვის წარმოუდგენელია, ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას, როგორიც რუსეთია, ჰყავდეს ლიდერი, როგორიც პუტინია. ის უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. არადა, სწორედ ამ ქვეყანამ აღიარა არამხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი და მისი საზღვრები, არამედ გასცა უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ. რუსეთი დღეს თავად არ იცავს საკუთარ წესებს, ამიტომ ვლადიმერ პუტინი ჩემთვის რუსეთის პრეზიდენტი არ გახლავთ. ის პატივს არ სცემს საკუთარი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს",- ამბობს ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი.
0 კომენტარი