Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან გირაოს სახით 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. როგორც BBC წერს, გამოძიების მიმდინარეობისას 39 წლის რუსი მილიარდერი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეცაა, პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს, ამასთან მას ეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება.

როგორც პარიზის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დუროვს ბრალად ედება ონლაინ პლატფორმის ადმინისტრირებაში თანამონაწილეობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა უკანონო ტრანზაქციების განხორციელება ორგანიზებული ჯგუფის მიერ“, ამასთან Telegram-ის დამფუძნებელს საფრანგეთის პროკურატურა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობასაც ედავება.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ფორმალური გამოძიების ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს, რომ საქმე სასამართლომდე მივა, თუმცა მოსამართლეების მოსაზრებით საკმარისი საფუძველი არსებობს ამისათვის.

პარიზის აეროპორტში საფრანგეთის პოლიციამ აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი 25 აგვისტოს დასაფრენ ბილიკზე იმ დროს დააკავა, როცა მისი კერძო თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა. როგორც BBC წერდა, 39 წლის რუსი მილიარდერი Telegram-ის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ დუროვს ედავებიან, რომ მან არ გადადგა ეფექტიანი ნაბიჯები რათა პოპულარული მესენჯერი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აღარ ყოფილიყო გამოყენებული.

როგორც BBC წერს, დუროვი რუსეთში დაიბადა, თუმცა ბოლო წლებში დუბაიში ცხოვრობს. ის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა. Telegram რუსეთში 2018 წელს აიკრძალა მას შემდეგ, რაც დუროვმა რუსეთის ხელისუფლებას უარი უთხრა მიმოწერის პოპულარული აპლიკაციის მონაცემები მათთვის გადაეცა, თუმცა აკრძალვა 2021 წელს მოიხსნა. პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს დააფუძნა, რუსეთის კი 2014 წელს დატოვა, როდესაც მის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სოციალური ქსელის VKontakte-ს მონაცემების მიწოდებაზე უთხრა უარი რუსეთის ხელისუფლებას და კომპანიის გაყიდვა მოუხდა. 

ნეტგაზეთი

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *