გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდონ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს და ის წელს 8 მილიარდ ევროს მიაღწევს, „მხოლოდ ეს ვერ უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას გრძელვადიან პერსპექტივაში”.
"ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებ, უკრაინის მხარდასაჭერად ძალისხმევა გააძლიერონ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაც ამ ეტაპისთვისაა დაგეგმილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ, ძალიან მცირეა. ჩვენ უფრო მაღალი კონტრიბუცია გვჭირდება", - განაცხადა კანცლერმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნები "ალბათ" გეგმავენ უკრაინისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას, "მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით". კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ბერლინმა ევროკავშირს სთხოვა, პირველ თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე, წევრ ქვეყნებთან, უკრაინისთვის მხარდაჭერის გეგმა გადამოწმდეს. „ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ზუსტი მიმოხილვა, რა კონკრეტულ წვლილს შეიტანენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები წელს უკრაინის მხარდასაჭერად“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
მან ასევე გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტზე, უნგრეთის წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლიათ.
"დარწმუნებული ვარ, 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას მოვახერხებთ. ეს არის ის, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ", - განაცხადა აღნიშნა მედიასთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
0 კომენტარი