ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშანის კარიშმა თქვა, რომ რუსეთი “უკრაინის ომზე არ შეჩერდება” და ნატოს მოსკოვის შესაკავებლად "გრძელვადიანი სტრატეგია" სჭირდება. „რუსეთი თავისთავად არ შეჩერდება, მისი შეჩერებაა აუცილებელი. მეტიც, რუსეთის უკრაინაში შეჩერება არ ნიშნავს, რომ საფრთხე ამოიწურება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოქმედების გაგრძელება მოგვიწევს. სწორედ ეს გახლავთ ნატოსთვის აუცილებელი: რუსეთის შესაკავებლად გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა განაგრძოს,"- განაცხადა მან.
კარიშმა, რომელიც ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა და ახლა ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ინტერესიც გამოხატა, თქვა ისიც, რომ ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ქვეყნიდან, რომელმაც თავდაცვაში მშპ-ის 2% დახარჯა. ასეთი ქვეყანა კი, მისი განცხადებით, სწორედ ლატვიაა. "ნატო უნდა დარწმუნდეს, რომ შემდგომი გადაწყვეტილებებისა და თავდაცვაში ინვესტიციების საფუძველზე, ნებისმიერი ინციდენტის ალბათობა გამოირიცხება", დასძინა მან.
ლატვიელი დიპლომატი არ გახლავთ პირველი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც დასავლეთს აფრთხილებს, რომ კრემლის ამბიციები უკრაინით არ შემოიფარგლება. ცოტა ხნის წინ, ბელგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, მიშელ ჰოფმანმა თქვა, რომ კიევის შემდეგ, კრემლის სამიზნე, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და მოლდოვა გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კარიშს ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც უპირისპირდება, რომელიც ექსპერტებისა და მედიის შეფასებით, ნატოს ძირითადი წევრი სახელმწიფოების ფავორიტად მიიჩნევა, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის. იენს სტოლტენბერგის შემცვლელად მოიაზრება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასიც.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ოთხჯერ გახანგრძლივდა, 2024 წლის ოქტომბერში იწურება.
0 კომენტარი