გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, ევროპას მოუწოდა, გაზრდილი სამხედრო საფრთხეების ფონზე, თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს. გერმანულ გაზეტ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში მინისტრი პისტორიუსი ამბობს, რომ გერმანიის ინფორმაციით, უკრაინაში სამხედრო აგრესიის გასაძლიერებლად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის მიწოდებას მნიშვნელოვნად ზრდის, პარალელურად კი, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოსა და მოლდოვას ემუქრება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით ევროპის მთავარი მოკავშირის, შეერთებული შტატების ყურადღება, სავარაუდოდ, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლებს, შესაბამისად, მათი ფოკუსი ევროპაში შემცირდება.
„ჩვენ, ევროპელებმა მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უნდა გავერკვეთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად”, ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მისივე განცხადებით, სწორედ ამ საკითხზე ნათელი სტრატეგიის შესაქმნელად, მომავალი კვირის დასაწყისში, პოლონეთში ვიზიტს გეგმავს.
“ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 5-8 წელი, რათა გავუმკლავდეთ გამოწვევებს და განვავითაროთ შეიარაღებული ძალები და მრეწველობა მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით”, თქვა მან და აღნიშნა ისიც, რომ თუ ვაშინგტონში, კანონმდებლები ვერ მოახერხებენ შეთანხმებას უკრაინისთვის აუცილებელი დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ, დაფინანსების კომპენსირებაზე ევროპამ უნდა იზრუნოს.
0 კომენტარი