ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეფორმების შემოთავაზებული პაკეტი, უპირველეს ყოვლისა, მოტივირებულია "პუტინის აგრესიული ომით ევროპის წინააღმდეგ".
"ეს ომი ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ომი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ", – აღნიშნა მან.მისივე თქმით, პუტინის მოქმედებები ასევე არის გერმანიის წინააღმდეგ მტრული და დამღუპველი და მიუთითა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე, ხანძრებზე, ჯაშუშურ და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე "ევროკავშირის დაყოფისა და მარგინალიზაციის მცდელობებზე".
"ჩვენ თავს დავიცავთ ამ თავდასხმებისგან ჩვენს ღია საზოგადოებაზე, ჩვენს თავისუფლებაზე", - განაცხადა მან. მერცის განცხადებითვე, გერმანიამ უნდა "აღადგინოს თავდაცვის შესაძლებლობები" და კონტრაქტები "უნდა გაფორმდეს ევროპელ მწარმოებლებთან, როდესაც ეს შესაძლებელია", რაც მისივე თქმით, გახლავთ „პარადიგმის ცვლილება თავდაცვის პოლიტიკაში".
მომავალმა კანცლერმა დასძინა ისიც, რომ გერმანიის ახალმა ნაბიჯებმა შესაძლოა გზა გაუხსნას "ევროპის ახალ თავდაცვის საზოგადოებას, რომელიც ღია იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია". მერცი მიიჩნევს, რომ შემდგომი რეფორმები მოითხოვს "ტექნოლოგიურ გაძლიერებას", დაგეგმვისა და დამტკიცების პროცედურების გადახედვას და რეგულაციების შემცირებას, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან.
0 კომენტარი