ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები, რომელზეც ევროპარლამენტარების ნაწილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება და საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად, ევროკავშირის უწყებებს უფრო მკაცრი ზომების გატარება მოსთხოვა.

სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოზე იმსჯელეს. ეს იყო ევროპარლამენტის პირველი დისკუსია საქართველოზე ევროკავშირის საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეხება.

დებატები გახსნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ.

მისი თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ "უმალ და ცხადად გადაუხვია ევროპულ გზას".

ევროკომისრის თქმით, ძალადობის შემოქმედებმა პასუხი უნდა აგონ, ხელისუფლებამ კი უნდა "გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიის შესაჩერებლად, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული დემონსტრანტები და განაახლოს [ევროკავშირში] შესვლის პროცესი".

დუბრავკა შუიცას შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოში გასულ კვირაში ჩამოსული ევროპარლამენტარების დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

"საქართველო ხდება სახელმძღვანელოში შესატანი შემთხვევა იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსულ გავლენას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნას ერთი გასროლის გარეშე", - თქვა მან.

რასა იუკნევიჩიენემ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მიიღონ ინდივიდუალური სანქციები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

სიტყვით გამოვიდა თბილისში ნამყოფი დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, გერმანელი ევროპარლამენტარი ტობიას კრემერიც.

"ცოტა ხნის წინ დავბრუნდი თბილისიდან და რაც იქ ვიხილე, შემაძრწუნებელი იყო", - თქვა კრემერმა.

"მთავრობა, რომელიც აყალბებს არჩევნებს, არბევს თავისივე მოსახლეობას და ცდილობს, კრემლის ჩრდილქვეშ ევროპული დემოკრატია ბელარუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნას", - დასძინა მან.

დებატებისას სიტყვით გამოსული ევროპარლამენტარების ნაწილმა დაიცვა "ქართული ოცნება". მათ შორის იყო ფრანგი ევროდეპუტატი ტიერი მარიანი, რომელიც წარსულში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პარტიას წარმოადგენს.

ტიერი მარიანიმ ევროკავშირი საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და პარალელი გაავლო უკრაინის ღირსების რევოლუციასთან.

"თქვენ ცდილობთ, მოვლენები მაიდნის მსგავსად კონტროლიდან გავიდეს".

"თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან. ისინი უძლებენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო", - თქვა მარიანიმ.

მისგან განსხვავებით, ტიერი მარიანის თანამემამულემ, ემანუელ მაკრონის პარტიის წევრმა ნატალი ლუაზომ 26 ოქტომბრის არჩევნებს "მოპარული" და გაყალბებული უწოდა.

"ასეთი უძლურები ვართ? არ უნდა დავუწესოთ სანქციები "ქართული ოცნების" სპონსორებს?" - იკითხა ნატალი ლუაზომ, რომელიც თბილისში ნამყოფი დელეგაციის კიდევ ერთი წევრი იყო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგანან“.

თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ.

„გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი, მეტი გაკეთებულიყო, - განაცხადა კაია კალასმა, - ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“.

მეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

წყარო: RFE/RL

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *