საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ახლა ევროპისთვის "გადამწყვეტი მომენტია", ამიტომ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის დაფინანსების დამატებითი პაკეტის დამტკიცებაზე, "ევროპა მზად უნდა იყოს" კიევის მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით, ევროპამ უნდა აიღოს ლიდერის პასუხისმგებლობა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ შვედეთში ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა, რომელიც ნატო-ს სამხედრო ალიანსის ახალი წევრობისთვის ემზადება.
"ახლა ევროპისთვის ერთგვარი გამოსაცდელი და გადამწყვეტი მომენტია. რაც უნდა იყოს და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს შეერთებულმა შტატებმა, მზად უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდასაჭერად და მის დასაცავად. ევროპას გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ამასთან, უნდა დავინახოთ უფრო ფართო სურათიც. უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია და რაც არ უნდა მოიმოქმედოს ვაშინგტონმა, ჩვენი ვალია, მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილებები უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპამ ნებისმიერ ფასად უნდა მოიმოქმედოს ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს და ეს შეუძლებელი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავისი უარყოფითი შედეგები ექნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირს მოუწევს უკრაინისთვის „მხარდაჭერის მასშტაბების გაზრდა დააჩქაროს “, იმის გათვალისწინებით, რომ „რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპას მაღალი ფასის გადახდა მოუწევს".
0 კომენტარი