გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გრანტ შაპსი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ რუსეთის მხარდაჭერისთვის „მაღალ ფასს“ გადაიხდის. „მსოფლიომ ზურგი შეაქცია რუსეთს, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი პუტინი იძულებული გახდა დამამცირებელი გადაწყვეტილება მიეღო და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით ცდილობს უკრაინაში უკანონო შეჭრის შენარჩუნებას”, - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა . მისივე განცხადებით, „ამით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუცია დაარღვია და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს სხვა რეგიონის უსაფრთხოებაც".
ლონდონი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, „დაუყოვნელიბ შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება“.
თეთრმა სახლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი სადაზვერვო ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ „მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობა და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა“, რაც რუსულმა ძალებმა 30 დეკემბერს უკრაინაში გამოიყენეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ კორეის სახალხო რესპუბლიკამ, რუსეთს, ცოტა ხნის წინ, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს, რუსულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ერთი რაკეტა, უკრაინაში გაუშვეს“, - თქვა მედიასთან ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. მისივე განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ “რუსეთი, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, ჩრდილოეთ კორეისგან მიღებულ რაკეტებს, მომავალშიც გამოიყენებს ”.
ჯონ კირბიმ დაადასტურა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომ რუსეთი ირანული რაკეტების შესაძენად ემზადება, თუმცა შეთანხმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მოსკოვი ირანულ რაკეტებს გაზაფხულისთვის ელოდება.
0 კომენტარი