დიდი ალბათობით, ვეტერანი პოლიტიკოსი დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს მიმდინარე კვირას გადაიბარებს. როგორც პოლონური მედია ამბობს, პრემიერის თანამდებობაზე მისი დანიშვნა ქვეყანაში “ნაციონალისტურ და პოპულისტურ” რვაწლიან მმართველობას დაასრულებს.
15 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე, დონალდ ტუსკის ლიდერობით ოპოზიციის ალიანსმა, პოლონეთის სეიმში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, მთავრობის ფორმირების მანდატი მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება კი, პოლონეთში დროის გაჭიანურებისა და პრეზიდენტის მოკავშირეებისთვის თანამდებობის შენარჩუნების ტაქტიკად აღიქმება.
სეიმში კენჭისყრა დღესაა დანიშნული, თუმცა მოსალოდნელია, რომ მორავიეცკის მთავრობას პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატა ნდობას არ გამოუცხადებს. ამის შემდეგ კი, სეიმის უმრავლესობა საკუთარ კანდიდატს წარადგენს, რომელიც, დიდი ალბათობით, დონალდ ტუსკი იქნება. ის კი, თავის მხრივ, პოლონელ კანონმდებლებს, მის მიერ ფორმირებულ მთავრობას გააცნობს. კენჭისყრაზე ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოთხშაბათს დაიკავებს და პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
66 წლის დონალდ ტუსკის პოლონეთის პრემიერ მინისტრი 2007-2014 წლებშიც იყო, შემდეგ კი, ევროსაბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს.
0 კომენტარი