12 იანვარს, მოულოდნელი ვიზიტით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახლდათ, რომ "აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა გაიზარდოს". კიევშივე გაფორმდა ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც “დიდი შვიდეულის” დოკუმენტს ეფუძნება და რომელიც უკრაინასთან ორმხრივ პარტნიორობას ითვალისწინებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გაფორმებული შეთანხმება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ორმხრივ თანამშრომლობას მოიცავს და ის ძალაში დარჩება მანამ, სანამ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარება გადაეცემა, რაც წინა ორი წლის განმავლობაში გაწეულ დახმარებაზე, 200 მილიონით მეტია. როგორც კიევში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, ფინანსების ძირითადი ნაწილი, უპილოტო საფრენი აპარატების შეძენისა და წარმოებისთვის დაიხარჯება.

”მე დღეს აქ ერთი ერთი მთავარი გზავნილით ვიმყოფები: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როდესაც მას რთული დღეები აქვს და დავდგებით მაშინ, როდესაც უკეთესი მომავლის დრო მოვა. ჩვენ არ დაგტოვებთ, რადგან აქ ვართ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“,- აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა ისიც, რომ “კიევის მხარდაჭერა, გლობალური უსაფრთხოების დაცვის საშუალებაა, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება”.

“ეს გახლავთ გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ უკრაინა მარტო არ არის”,- აღნიშნა ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

აღსანიშნავია იცის, რომ უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან, უკრაინამ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *