ევროკომისიამ, პოლონეთისთვის "გაყინული" 76,5 მილიარდი ევროს განბლოკვაზე მსჯელობა, ოფიციალურად დაიწყო. ვარშავას, აღნიშნულ ევრონტრანშებზე წვდომა, მართლმსაჯულებაში განხორციელებული საეჭვო რეფორმების გამო, შეზღუდული ჰქონდა.
ევროკავშირის უმსხვილესი ფონდებიდან დაფინანსების მიღება, ახლა პოლონეთის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან მისი მიზანი ინფრასტრუქტურის განახლება და ევროკავშირის სხვა მდიდარ სახელმწიფოებთან შედარებით არსებული ეკონომიკური განსხვავების შემცირებაა. პოლონეთის წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს დისციპლინურ პალატას, მაგისტრატი მოსამართლეების დასჯის უფლება მიენიჭა. სწორედ აღნიშნულმა რეფორმამ, მაშინ ბრიუსელი აიძულა, მრავალმილიარდიანი დახმარება ვარშავისთვის "გაეყინა". მაშინ ითქვა ისიც, რომ პოლონეთში დემოკრატიული პროცესის უკანდახევის ნიშნები გაჩნდა, რაც ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვის მონიტორინგზე საზიანო გავლენას მოახდენდა.
პოლონეთის ხელისუფლებაში ლიბერალური სამპარტიული კოალიციის მოსვლის შემდეგ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, ვარშავის მიმართ ბრიუსელის მოლოდინები შეიცვალა. მითუმეტეს, რომ პოლონეთის ახლლადდანიშნულმა პრემიერმა ტუსკმა პირობა დადო, რომ წინა ხელისუფლების კურსი რადიკალურად შეიცვლება და პოლონურ მართლმსაჯულებაზე უარყოფითი გავლენის მომხდენ ცვლილებებს გააუქმებს. გასულ კვირას ვარშავამ ევროკომისიას აცნობა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისია სასამართლოს "ჰორიზონტალური ხელშემწყობი პირობის" შესასრულებლად.
„ახლა კომისიაში ვაანალიზებთ პოლონეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებულ წერილს, რათა შევაფასოთ, არის თუ არა შესრულებული პირობები. მუდმივ კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე. მოთხოვნის განხილვას, შესაძლოა, სამი თვე, ან უფრო მეტიც დასჭირდეს. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პირობის გარდა, პოლონეთს, მინიმუმ, ორი "თემატური პირობა" აქვს შესასრულებელი - სატრანსპორტო და ჯანდაცვის სისტემის რეფორმა",- განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
პრემიერ ტუსკის ამბიციურ გეგმებს, უმოკლეს ვადებში ბრიუსელში პოლონეთისთვის გამოყოფილი თანხის განბლოკვას მიაღწიოს, შესაძლოა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეეწინააღმდეგოს, რომელიც პოლიტიკურად წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ფიგურაა. მან ღიად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მანდატსა და უფლებებს გამოიყენებს იმისთვის, რომ პრემიერის გეგმას შეეწინააღმდეგოს და წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო ცვლილებების გაუქმების გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს.
პრემიერ ტუსკსა და პრეზიდენტ დუდას შორის არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, პოლონეთში საკონსტიტუციო კრიზისის მოლოდინი გაამძაფრა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა, რომ ბრიუსელი "ყურადღებით ადევნებს თვალს ვარშავაში მიმდინარე მოვლენებს და მოქმედებასაც არ დააყოვნებს, თუ პოლიტიკური დაპირისპირება ევროკავშირის წესების საწინააღმდეგო სახეს მიიღეს".
0 კომენტარი