ბელარუსის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 25 თებერვალს დანიშნული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისთვის, ეუთო-ს დამკვირვებლებს ქვეყანაში არ მიიწვევენ.
“ბელარუსმა უკვე აცნობა ეუთო-ს, რომ არ გვსურს დამკვირვებლების მოწვევა. მათ უკვე წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტები და მოტივაციაც“, - თქვა ანდრეი დაპკიუნასმა, ბელარუსის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, იჰარ კარპენკამაც და განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდება „ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ და დესტრუქციული გავლენის გარეშე“. მისივე ინფორმაციით, ბელარუსის ხელისუფლება დამკვირვებლებს რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მოიწვევს.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა წიხანოვსკაიამ თანამოქალაქეებს მოუწოდა, თებერვლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან "საერთაშორისო დამკვირებლების გარეშე არჩევნები ფარსი იქნება". „ლუკაშენკოს რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი გახდეს“, - განაცხადა მან.
25 თებერვალს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველად ტარდება, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, ალექსანდრე ლუკაშენკომ, საპრეზიდენტო ვადა, მეექვსედ გაიხანგრძლივა. მაშინ, მისმა მთავრობამ, დემონსტრაციებს მკაცრი დარბევით უპასუხა და 35 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა. ნაწილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ბელარუსის ციხეებში ამ დრომდე 1 500-მდე პოლიტპატიმარი იმყოფება, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და უფლებადამცველები.
საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ბელარუსში ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება სახელწოდებით - სრულიად ბელარუსის სახალხო კრება. როგორც ლუკაშენკოს მთავრობა აცხადებს, მასში 1200 დელეგატი გაერთიანდება, მათ შორის, ოფიციალური პირები, საკრებულოების წევრები, პროფკავშირების წარმომადგენლები, ხელისუფლების მომხრე აქტივისტები და სხვა. კანონის მიხედვით, ბელარუსის პრეზიდენტი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ასამბლეის წევრი ავტომატურად ხდება.
0 კომენტარი