ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული დეკლარაცია მიიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესუსტების გამო, რაც საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციითა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების მიღებით ვლინდება.
ამასთან, კონგრესი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მე-4 სამიტზე აიღო, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველო, შესაძლოა, ევროპის საბჭოს ორგანოების პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს.
კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შეუსაბამო რუსული და ჰომოფობიური კანონები, რაც დეკლარაციის მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
1. კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დაცვი შესუსტების გამო, რაც საზოგადოების მზარდ პოლარიზაციასა და კანონმდებლობების ამოქმედებაში გამოვლინდა, ეს კი, ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება. განვითარებული მოვლენებს გმობს, როგორც ევროპის კონგრესის პრეზიდენტი, იმ განცხადებებით, რომლებიც შეეხება უცხო ძალების გავლენის გამჭვირვალობისა და ანტი-ლგბტ კანონმდებლობის პაკეტის ამოქმედებას, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუტები და საერთაშორისო საზოგადოება.
2. ამასთან, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა, 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებისგან საქართველოს კურსის გადახვევაზე, რისი გამწვავებაც გამოიწვია თავდასხმებმა, დაშინებამ და ზეწოლის სხვადასხვა ფორმებმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულ აზრებს გამოხატავენ.
3. შედეგად, არსებობს ზრდადი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ერთგულების შესახებ, შეინარჩუნოს ევროპული, დემოკრატიული პრინციპები და წინ მიიწეოდეს ევროპული მომავლისკენ, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ხელისუფლების ყველა დონეზე კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებზე.
4. ამ კონტექსტში, ასევე, მოახლოებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პირობების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, საზოგადოებაში შესაბამისი როლი შეასრულონ და სრულად, მშვიდობიანად და თანაბრად შეიტანონ წვლილი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა სახელისუფლებო დონეზე.
5. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოქალაქეების ხმების მატარებელი როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში, და მათი თვითმმართველობის განხორციელების უფლება, გარანტირებული უნდა იყოს, დევნის ან შურისძიების შიშის გარეშე, მიუხედავად მათი ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური შეხედულებებისა.
6. კონგრესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, არადისკრიმინაციისა და შეკრების თავისუფლების ეფექტური დაცვის აუცილებლობას. ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა ჩადგნენ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათ კანონით ევალებათ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევა ან ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარება, რაც ზიანს აყენებს მათ საზოგადოებაში ინკლუზიურობას, ტოლერანტობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.
7. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონგრესი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტიჰუმანური კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს საზოგადოების პოლარიზაციას, საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, რაც საზიანო იქნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. საქართველოს უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და კვლავ აიღოს ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ.
8. კონგრესი ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას, გააგრძელოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი გეგმავს მას შემდეგ, რაც პარლამენტის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.
9. კონგრესი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული ძალისხმევის მხარდაჭერას მთავრობის ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით, იმ დონეზე, რომელიც მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს არის.
10. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მე-4 სამიტზე აიღო, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.
0 კომენტარი