გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. ლიდერების ოფიციალურ შეხვედრაზე, კანცლერმა აღნიშნა, რომ "კიევის სამხედრო დახმარებას განაგრძობს და ამასთან, ქვეყანას დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება".
"გერმანია, ევროპაში, უკრაინის ყველაზე ძლიერი სამხედრო მხარდამჭერია და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ასეც დარჩება", - აღნიშნა კანცლერმა შოლცმა ვოლოდიმის ზელენსკისთან შეხვედრისას. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით 1,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს, რომელიც გერმანიასთან ერთად, ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის დახმარებით შეგროვდა. ოლაფ შოლცმა დასძინა, რომ "ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს".
როგორც კანცლერმა განაცხადა, გერმანიაში დაანონსებული დამატებითი დახმარების პაეკტი Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, Gepard-ის საზენიტო იარაღს, ტანკებსა და ჰაუბიცებს, ასევე, ჯავშანტექნიკას, დრონებს, სარადარო სისტემებსა და საარტილერიო ჭურვებს მოიცავს. ამასთან, დამატებით 170 მილიონი ევრო უკრაინის ენერგეტიკული სისტემების აღსადგენად გამოიყოფა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს თავისი "გამარჯვების გეგმა" გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი განხორციელება კრემლს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს. ამავე გზავნილით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა გაერთიანებული სამეფოსს პრემიერ-მინისტრს, ასევე, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს და ნატოს ახალ გენერალურ მდივანს.
აღსანიშნავია, რომ ბერლინში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტიც იგეგმებოდა, რომელიც რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მიერ დაგეგმილ სამიტზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა თეთრმა სახლმა მისი ვიზიტი ქარიშხალ "მილტონის" გამო გადადო.
0 კომენტარი