მოლდოვაში, 2024 წლის 20 ოქტომბერს, ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ ჩანიშნულ რეფერენდუმამდე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიშინიოვს ეწვია.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ბლოკი მოლდოვას რეკორდულ 1.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმას. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, 3-წლიანი "ზრდის გეგმა" მოლდოვის ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას დაეხმარება.
მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყნის ადგილი ევროკავშირშია და მოქალაქეებს მომავალ რეფერენდუმში საკუთარი თავისუფალი არჩევანის გამოხატვისკენ მოუწოდა.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 20 ოქტომბერს გადაწყვეტს, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მისწრაფება, როგორც ქვეყნის სტრატეგიული მიზანი.
"მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში უცხადებდით მოლდოვის რესპუბლიკას. თქვენი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა. ჩვენთვის ევროკავშირი არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, ეს არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ნამდვილი ოჯახი. ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავად შრომას იმისათვის, რომ ამ ოჯახის ნაწილი გავხდეთ", – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
"მოლდოველი ხალხი გადამწყვეტი მომენტის წინაშეა. მალე მოქალაქეები არჩევნებზე მივლენ და დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, ჩაიწერება თუ არა მოლდოვის ევროპული მისწრაფება მის კონსტიტუციაში. მოვუწოდებ, მოლდოველებს გამოიყენონ საკუთარი ხმა და გამოხატონ თავიანთი თავისუფალი არჩევანი. ეს თქვენი, მოლდოველების გადასაწყვეტია. თქვენი სუვერენული არჩევანია, რას გადაწყვეტთ საკუთარი ქვეყნისთვის. ამაში ვერავინ ჩაერევა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, მე მჯერა, რომ მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ამავდროულად, რეფერენდუმის დღეს საპრეზიდენტო არჩევნებზე მაია სანდუ საკუთარი პოზიციის მეორე ვადით გახანგრძლივებას შეეცდება. თუმცა, რუსეთის საარჩევნო პროცესში ჩარევის ეშინიათ. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს ევროპარლამენტარებმა 8 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე. მომდევნო დღეს კი 508 ხმით 53-ის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც კატეგორიულად გმობს რუსეთის მზარდ ჩარევას და ჰიბრიდულ ოპერაციებს მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. დოკუმენტში ასევე წერია, რომ პროცესში უამრავი აქტორია ჩართული, მათ შორის არიან პრორუსი მოლდოველი ოლიგარქები.
"საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის მოახლოებასთან ერთად აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ შეტევებს მოლდოვის დემოკრატიასა და სტაბილურობაზე. მოსკოვის მიზანი უცვლელი რჩება, შეაფერხოს მოლდოვის ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანა კვლავ საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციოს. ამ სტრატეგიის მთავარი კომპონენტი, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია, კონკრეტულად რეფერენდუმს უმიზნებს, რათა მოახდინოს მთავრობის პროევროპული პოლიტიკის დისკრედიტაცია, მოსახლეობის მხრიდან ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებით", – განაცხადა ვერა იუროვამ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და მაია სანდუს "რუსოფობიის" გაღვივებაში ადანაშაულებს.
სანდუ, რომელმაც მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია მეზობელ უკრაინაში, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების პროცესს ხელმძღვანელობს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ბლოკს 2030 წლისთვის შეუერთდება.
ამ ეტაპზე გამოკითხვები აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო რბოლაში მოქმედი პრეზიდენტი აშკარა ფავორიტია და ბევრად უსწრებს დანარჩენ ათ კანდიდატს. კვლევები ასევე მოწმობს, რომ მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა.
0 კომენტარი