ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დემოკრატიის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ხუთი პარტიის- განახლებული ევროპა (Renew Europe), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) - მიერ წარდგენილ საერთო რეზოლუციას, მე-4 და მე-5 შესწორებებთან ერთად.
რეზოლუციას 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
გთავაზობთ რეზოლუციის სრულ ტექსტს:
1. [ევროპული პარლამენტი] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, რომელიც ექსპონენტურად მიმდინარეობდა ამ წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ; მკაცრად გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახის ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონების მიღებას, ასევე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას; მიიჩნევს, რომ ყოველი ზემოხსენებული არის ბერკეტი, რომელსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების დასარღვევად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დასაწესებლად ან მოწყვლადი ხალხის დისკრიმინაციისთვის; ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე მოვლენები ასევე თანხვედრაში არა არის ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ მოქმედი, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; მკაცრად უსვამს ხაზს, რომ თუ ზემოხსენებული კანონმდებლობა არ გაუქმდება, ვერ იქნება პროგრესი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში; წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველო - ერთ დროს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში დემოკრატიული პროგრესის ჩემპიონი - დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის;
2. მოუწოდებს კომისიას და წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შედეგები, რაშიც წვლილი შეიტანა ამ კანონებმა და დაუკავშირონ ეს შესაძლო გავლენა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს; აკეთებს მოწოდებას, რომ ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს მთავრობის მიმართ გაყინული იყოს მანამ, სანამ ზემოხსენებული ანტიდემოკრატიული კანონები არ იქნება გაწვეული და უნდა დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობის სამომავლო დაფინანსების გაცემისთვის;
3. გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების კლიმატზე, რომელიც წახალისებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ისევე, როგორც მთავრობის მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმებით; გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც იმუქრებიან ოპოზიციური პარტიების აკრძალვითა და ოპოზიციას "კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას" უწოდებენ; ყურადღებას ამახვილებს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესს და გამოხატვის თავისუფლებას, ხელს უწყობს შიშის გარემოს შექმნას;
4. აკეთებს მოწოდებას, რომ საფუძვლიანად იყოს გამოძიებული საქართველოში გაზაფხულზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის წინააღმდეგი პროტესტების დროს, პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ;
5. კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს, რა გავლენას ახდენს საქართველოს კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, გენდერული კვოტის გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები, ზოგადად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების ჩატარება მიღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;
6. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებისა და სურვილის მიმართ, იცხოვრონ განვითარებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად სცემს პატივს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებსა და ქმნის ღია საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გარანტიებს; ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება, მინიჭებოდა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მოტივირებულია სურვილით, ხაზი გაგვესვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისთვისა და დემოკრატიული ძალისხმევისთვის, რასაც თანმიმდევრულად მხარს უჭერს ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი; აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, საქართველო განვითარების დემოკრატიულ და პროევროპულ გზაზე დააბრუნოს, და მკაცრად გმობს ქართული ოცნების ძალისხმევას, იგი უსაფუძვლო იმპიჩმენტის პროცედურით გააჩუმოს (მე-4 შესწორება);
7. გმობს საქართველოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა, როდესაც ის პარტია ქართული ოცნების "საპატიო თავმჯდომარე" გახდა, პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და მორიგ მცდელობაში, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორიენტაციას, რუსეთისკენ მიქცევის სასარგებლოდ; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, დაწესდეს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ივანიშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლო სხვა ქმედებების გამო (მე-5 შესწორება);
8. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პასუხი აგებინონ და დაუწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკური ოპონენტების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას; მიესალმება აშშ-ის მიერ ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიმართ დაწესებულ პირად სანქციებს;
9. გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ მიღებული ბევრი საკანონმდებლო წინადადება ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელონ დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და იყვნენ ერთგული ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის მიმართ;
10. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;
11. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ასრულებს, აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საჭირო რეფორმების გატარებისთვის. აქედან გამომდინარე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად;
12. იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა, რომ საქართველოს მხრიდან გადაიდგმებოდა კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში მითითებული შესაბამისი ნაბიჯები. ხაზს ვუსვამთ, რომ ახლახან მიღებული კანონმდებლობა ცალსახად ეწინააღმდეგება ამ ამბიციებს და ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს;
13. კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, გაფართოების საკითხების კომისარს და კომისიის პრეზიდენტს, შეახსენონ საქართველოს მთავრობას მის მიერ აღებული ვალდებულებები და ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც მან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის დროს ხელი მოაწერა;
14. იმეორებს ისეთ ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შემდგომ გამოიყენებს, როგორიცაა მაგალითად გაწევრიანებამდე გაწეული დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს და დახმარებას გაუწევს ინსტიტუციებს, ინფრასტრუქტურას და სოციალურ მომსახურებას;
15. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2024 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, გარანტირებული იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას; დაჟინებით ითხოვს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო და ადმინისტრაციული რესურსების ფესვგადგმული პრაქტიკის აღმოფხვრას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნების დაკვირვებაში ჩართული ყველა პატივსაცემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას შეეძლოს, ამ არჩევნებს შეფერხებისა და ჩარევის გარეშე დააკვირდეს;
16. იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოსა და [ქვეყნის] საარჩევნო კოდექსის სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიღებული შესწორებების თაობაზე, და ეთანხმება იმაში, რომ საარჩევნო კოდექსის ამ ცვლილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დაინტერესებული მხარეების აღქმას საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის თაობაზე;
17. გამოხატავს აღელვებას, ქართული დიასპორის მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილებაზე, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობას ხმის მიცემის შესაძლებლობა ერთმევა; ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს მთავრობა წინააღმდეგობებს ქმნის 30 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" მათი 'Get Out and Vote' კამპანიის ძალისხმევაში; მიიჩნევს, რომ ეს დაბრკოლებები ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაა;
18. აღნიშნავს, რომ უარყოფითი საერთაშორისო რეაქციის ფონზე, რომელიც მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა, საქართველოს პრემიერმინისტრმა "რეკომენდაცია გასცა", რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ 2024 წლის 24 სექტემბერს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკან წაიღოს, რითაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო "გაცხადებული საარჩევნო მიზნის" მქონედ გამოაცხადა, და ანტიკორუფციულმა ბიურომ ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 2 ოქტომბერს უკან წაიღო; იხსენებს, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება, თუკი ძალაში შევიდოდა და მას უკან არ წაიღებდნენ, საქართველოს მოწინავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოურ დაფინანსებაზე წვდომას შეუჩერებდა, მნიშვნელოვნად შეაფერხებდა მათი საქმიანობის გაგრძელებას, მათ შორის არჩევნების დაკვირვებას, ისევე როგორც გაზრდიდა ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ნეიტრალობის შესახებ ეჭვებს;
19. გმობს ქართული ოცნების მიერ უკრაინის ომში სისასტიკის ამსახველი სურათების გამოყენებას, როგორც 2024 წლის ოქტომბრის წინასაარჩევნო კამპანიაში აზრის მანიპულაციისა და პრორუსული, და ანტიუკრაინული, დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას;
20. მოელის, რომ ქართული ოცნება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს პატივს სცემს და უზრუნველყოფს ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან პროცესს; მოითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები;
21. მტკიცედ სჯერა, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, გეოპოლიტიკური არჩევანისა და მისი პროგრესის შესაძლებლობის განსაზღვრაში, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის; აღიარებს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ახალგაზრდა, აქტიური ლიდერების თაობით, რაც 2024 წლის განმავლობაში უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე სპონტანური საპროტესტო აქციებით გამოიხატა;
22. გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო, მათ შორის, რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის, სავაჭრო კავშირების გაძლიერებისა და საქართველოს სურვილის გამო, გააგრძელოს რუსეთის მიმართ შერიგების პოლიტიკა, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის ომისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციისა; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ უკრაინაში, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაატაროს ეფექტური ზომები, რათა თავიდან აიცილოს [რუსეთის მიერ] ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლა; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულ თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ევროკავშირის რუსეთისადმი სტრატეგიასთან;
23. მტკიცედ იმეორებს სასწრაფო მოთხოვნას ჰუმანიტარულ საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, რათა მან მიიღოს სამედიცინო დახმარება უცხოეთში; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და [ხელისუფლება] სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის;
24. აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააუარესა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, საბჭოთა დროის არქივებზე, [ეს ხდება] ევროკავშირის საერთო მონაცემების დაცვის რეგულაციის გამოყენებით, რათა "გაამართლოს" არქივებზე დაშვებისა და შეზღუდვების დრაკონული პირობები, და ის, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა დროის არქივებიდან ზოგიერთი (მათ შორის, ყოფილი KGB-ის და ყოფილი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივები) სრულად ჩაიკეტა 2023 წლის ოქტომბრიდან ყოველგვარი განმარტების გარეშე; ხაზს უსვამს რუსეთის მიერ მანიპულაციას და ისტორიის გაყალბებას, მათ შორის, საბჭოთა ისტორიის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო საფრთხის ფარგლებში; გამოთქვამს წუხილს სტალინის ზრდად კულტსა და საბჭოთა ნოსტალგიის მომატებაზე საქართველოში, რასაც მხარს უჭერს მმართველი ხელისუფლება, რაც ხაზს უსვამს რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოებას;
25. ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ ეს რეზოლუცია გაუგზავნოს კომისიის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ასევე, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.
წყარო: ტაბულა
0 კომენტარი