გერმანიის "სოციალ-დემოკრატიული პარტიის", "კავშირი 90/მწვანეებისა" და ასევე, "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის" საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შემუშავდა, რომელსაც ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს უყრის კენჭს. დოკუმენტში შეფასებულია "ქართული ოცნების" მმართველობა და აღნიშნულია, რომ პარტიის "ხელმძღვანელობა სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით შიშის ატმოსფეროს აღვივებს". ამასთან, ხაზგასმულია, რომ გერმანიამ "ზედმიწევნით უნდა ადევნოს თვალი საქართველოში არსებულ ვითარებას, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს". 

"ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება წარსულში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის დეკლარირებული მიზანი გახლდათ. ამასთან, წლების განმავლობაში იზრდებოდა პოლარიზაცია მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. "ქართული ოცნების" სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართული მმართველობის სტილია პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზი 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში და იქვე მითიტებულია, რომ "გერმანიის ბუნდესტაგს უხეშ შეცდომად მიაჩნია, ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღება, რაც მოსახლეობის მასიური და მრავალთვიანი პროტესტების, ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს, ევროპის კავშირის მკაფიო პოზიციის და კანონის გაწვევის შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციის მიუხედავად მაინც განხორციელდა".

"ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას და ასევე, ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ". ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს", - ვკითხულობთ გერმანელი კანონმდებლების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტში. ის ასევე განმარტავს, რომ  გერმანიის ბუნდესტაგს მოლოდინი აქვს, "დაუყოვნებლივ შეწყდება და სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება დაშინების, მუქარის და ძალადობის შემთხვევები სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, LGBTQIA+ თემის, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია სტაბილური დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის უსათუო, ძირეული რეფორმების კრიტიკული გაშუქებისათვის". ის ასევე გმობს "ძალადობასა და დაშინების ატმოსფეროს თბილისის ქუჩებში". კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ "დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს".

"მიუღებელია გამიზნული მუქარა, დაშინების მიზნით ძალადობა, ისევე, როგორც საჯარო და კერძო სივრცეში ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანიები სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული პირების, მედიების, ოპოზიციის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ. ზეწოლა სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, არ გამოვიდნენ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მას საჯაროდ დაუჭირონ მხარი — სამსახურიდან გათავისუფლების მუქარითაც კი — ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომლებზეც საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელისმომწერმა და ევროსაბჭოს და ევროპაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო. "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებითა და საზოგადოების მეგობრებად და პატრიოტებად და მტრებად და მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გააღვივოს. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ პრინციპთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ. დამატებით, "ქართული ოცნება" აღვივებს შიშს სექსუალური უმცირესობების მიმართ და საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს დეზინფორმაციას და დევნას LGBTQIA+-ს წინააღმდეგ. გერმანიის ბუნდესტაგი დაუშვებლად მიიჩნევს LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკური ანგარიშით ნაკარნახევ სტიგმატიზაციას და მათი უფლებების ბოლოდროინდელ მასიურ შეზღუდვას. ეს საქართველოს საზოგადოების დამატებით გახლეჩას უწყობს ხელს", - ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს "გზაგასაყარს" უწოდებს და მიუთითებს, რომ "საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში".

"საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები. ამის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგი მიესალმება საქართველოს მიერ ODIHR-ის მიწვევას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებულია, ზედმიწევნით დააკვირდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პრინციპების დაცვას. გერმანიის ბუნდესტაგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გერმანიის ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ". ამასთან, "ზედმიწევნით ადევნოს თვალყური სიტუაციას საქართველოში, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს". 

ბუნდესტაგი ფედერალური მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნავს იმასაც, რომ "საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების ფორმირება საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობაზეც გახადოს დამოკიდებული" და ყურადღება უნდა მიაქციოს, "აყენებენ თუ არა ეჭვქვეშ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ არადემოკრატიულ ქმედებებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად და ა.შ." 

ბუნდესტაგში შემუშავებული რეზოლუციის პროექტი ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ოფშორების კანონსთან" და მოუწოდებს გერმანიის მთავრპბას, "ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოეწოდოს, გაიწვიოს 2024 წლის მაისში მიღებული "კანონი ოფშორების შესახებ", რომელიც ეკონომიკურ გამჭვირვალეობასა და კორუფციასთან ბრძოლას ასუსტებს და სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობას ქმნინს". ერთ-ერთ პუნქტადაა მითითებული, რომ "ევროპულ დონეზე გერმანიის მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და ამით პროევროპულ ძალებსაც შეეხება". 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *