საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მეტწილად "აგენტების კანონმა" გამოიწვია, ქვეყანა 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას დაკარგავს. საუბარია ბიუჯეტურ დახმარებაზე, რომელშიც ასევე მოიაზრება ის თანხაც, რაც ბოლო გასული ორი წლის განმავლობაში გამოიყო და არ დახარჯულა.
"ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია და კანონპროექტი ძალაში ოფიციალურად შევიდა. ის უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღებენ. სწორედ ამ კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილის დაფინანსება შეაჩერა. დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დარღვევისა და ძირის გამოთხრის გამო, სანქციები დაუწესდათ როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ასევე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს.
საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მმართველ პარტიას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რის გამოც მათ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, საჩივრის ავტორები, ერთ თვეზე მეტია ელოდებიან.
0 კომენტარი