ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის რუბენ ბრეკელმანსის თქმით,  მისი ქვეყანა 400 მილიონი ევროს ინვესტიციას ჩადებს უკრაინის დრონების პროგრამაში.

გასულ უქმეებზე კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ ინვესტიციის ნახევარი ნიდერლანდებში დაიხარჯება, დანარჩენი კი -უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

"ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ოთხი სხვადასხვა ტიპის დრონზე. ეს არამარტო სათვალთვალო ან თავდაცვითი დრონებია, არამედ შემტევი უპილოტო აპარატებიც, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინას სჭირდება უფრო მეტი შემტევი დრონი სამხედრო სამიზნეებზე იერიშების მისატანად", – აღნიშნა ბრეკელმანსმა.

თუ დრონების ახალი პროგრამა წარმატებული იქნება, წარმოების გასაფართოებლად ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი სახსრები.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ომი ყოველდღიურად მძაფრდება. უკრაინა აყალიბებს უფრო მეტ ბრიგადას, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.  შესაბამისად, აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს მხარდაჭერის ეს უწყვეტი ნაკადი.

ბრეკელმანსმა ასევე განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას 24 F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავს მალე გადასცემს, თუმცა ზუსტი ვადა არ დაუკონკრეტებია.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნიდერლანდებმა 10 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პირობა დადო, საიდანაც დაახლოებით 4 მილიარდი ევრო უკვე გამოიყო და დაიხარჯა. 

უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით,  რუსებმა გასულ უქმეებზე უკრაინაზე "შაჰედის"  87 დრონითა და ოთხი სხვადასხვა ტიპის რაკეტით მიიტანეს იერიში.

მათი მტკიცებით, ხარკივის რეგიონში ავტომობილთან დრონის ჩამოვარდნისას 49 წლის მამაკაცი დაიღუპა. ქალაქ ოდესაში კი თავდასხმის შედეგად დაზიანდა მილსადენი. ერთ-ერთ საწყობში ხანძარიც გაჩნდა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის 14 რეგიონის, მათ შორის დედაქალაქ კიევის თავზე, 87-იდან 56 დრონი და 2 რაკეტა გაანეიტრალეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 25 დრონი, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად საერთოდ გაქრა რადარებიდან.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე ჯგუფის წევრების შეხვედრაზე უკრაინის გამარჯვების გეგმას წარადგენს.

ამ გეგმის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ კვირას ვაშინგტონში ჯო ბაიდენს უკვე ესაუბრა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა. 

თუმცა ცნობილია, რომ გეგმაში გათვალისწინებულია უკრაინის ნატოში გაწევრება და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე იერიშის მისატანად.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

მისი თქმით, ისინი აჩვენებენ, თუ რა შეუძლიათ უკრაინელებს, როდესაც მათ აქვთ საკმარისი იარაღი და შორ მანძილზე წვდომის შესაძლებლობა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას, რომ მხოლოდ ჩვენი დრონები არ არის საკმარისი. საჭიროა მეტი გადამწყვეტი ნაბიჯი, რომ ეს ომი მალე დასრულდეს", –  აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *