მოლდოვის პოლიციის ანგარიშის მიხედვით, პრო-რუსული ძალები ფართომასშტაბიანი სქემით მოქმედებენ, რომლის მთავარი მიზანი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩეველთა მოსყიდვაა.
მოლდოვის პოლიციის უფროსი ვიორელ ჩერნაუცანუ აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მართულმა ქსელმა უკვე 130,000-მდე მოქალაქე მოისყიდა, რათა მათ რეფერენდუმსა და არჩევნებში რუსეთის სასარგებლოდ მისცენ ხმა. მისივე განცხადებით, ეს მოლდოვის შიდა პოლიტიკაზე უპრეცედენტო თავდასხმა გახლავთ და "მოლდოვას ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციული კამპანიის ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია მანამდე არასოდეს უნახავს". მისივე თქმით, მხოლოდ სექტემბერში, რუსეთის “პრომსვიაზბანკში” გახსნილი ანგარიშებიდან 15 მილიონი დოლარი გადაირიცხა.
გამომძიებლების ცნობით, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით შემუშავებულ ფულის გათეთრების სქემაში, მოლდოვაში აკრძალული პრორუსული პარტიის დამფუძნებელი ილან შორი ფიგურირებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ფულის გადანაწილება “ტელეგრამის“ პლატფორმის საშუალებით ხორციელდებოდა.
ილან შორი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გახლავთ. ამასთან, ილან შორი, რომელიც შარშან მოლდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში მონაწილეობისთვის გასამართლდა, მოქალაქეებს ღიად სთავაზობს ფულს, თუ ისინი რეფერენდუმში ევროპის წინააღმდეგ მისცემენ ხმას.
ცნობისთვის, ილან შორის პარტია 2023 წელს მოლდოვაში არაკონსტიტუციურად გამოცხადდა და აიკრძალა. მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ილან შორი სხვა პრორუსულ ოპოზიციურ ჯგუფებთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს.
მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც მოლდოვაში, 20 ოქტომბრის არჩევნებში ხელმეორედ იყრის კენჭს, არაერთხელ მიუთითა, თუ რამდენად ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას ატარებს რუსეთი არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
0 კომენტარი